ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ახალი გვერდი Gvantsa’s Gluten Free შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს უგლუტენო, ულაქტოზო, უშაქრო, ვეგანურ პროდუქტს სთავაზობს. ამ მცირე საწარმოს სულისჩამდგმელი გვანცა ბლიაძეა, რომელიც პროფესიით ეკონომისტია, თუმცა შვილისთვის დასმული ცელიაკიის დიაგნოზის შემდეგ და ქართულო ბაზარზე უგლუტენო საკვების დეფიციტის გამო, მას კულინარიული ხელოვნების ათვისება მოუწია.
ცელიაკია წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით მიმდინარე ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც მარცვლეულ კულტურებში (ხორბალში, ჭვავსა და ქერში) არსებული ცილა გლუტენის მიმართ მგრძნობიარე პირებს უვლინდებათ. ცელიაკია შეიძლება განვითარდეს როგორც ბავშვობაში, ისე ზრდასრულ ასაკში. ცელიაკიის მართვა გლუტენისგან თავისუფალ კვებას გულისხმობს. დიეტა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.
გვანცა ბლიაძე, ინდივიდუალური მეწარმე:
– ჩემი ოჯახის რაციონში უგლუტენო საკვები 2017 წლიდან გაჩნდა, როდესაც ჩემს პირველ შვილს გლუტენის აუტანლობა დაუდასტურდა. თავდაპირველად, ინფორმაციის უქონლობის გამო, ყველაფერი თავდაყირა დადგა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სახლში მზადება დავიწყე, ამოვისუნთქეთ. თუმცა იმ დროს უგლუტენო პროდუქტები ბაზარზე კიდევ უფრო მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი, რის გამოც მათი უცხოური საიტებიდან გამოწერა გვიხდებოდა, ამასთან, ოჯახში შერეულ კვებაზე ვართ, უგლუტენო საკვებს ყველანი ვერ მოვიხმართ სიძვირიდან გამომდინარე. უგლუტენო კერძების მომზადება დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ პირველივე ბისკვიტი წარმატებით რომ გამოვაცხვე, იმის შემდეგ აღარ გავჩერებულვარ.
– როგორც ვიცი, უგლუტენო კერძების მომზადებისას სამზარეულოში განსაკუთრებული წესების დაცვაა საჭირო.
– დიახ. უპირველესად, სამზარეულოს ზედაპირის გულდასმით წმენდა და შემდეგ ინვენტარის სრული სტერილიზაციაა საჭიროა. გარდა ამისა, უგლუტენო საკვების მოსამზადებლად ცალკე ჯამ-ჭურჭელს ვიყენებ, ასევე, მაქვს ორი ღუმელი – ერთში უგლუტენო კერძებს, მეორეში კი ჩვეულებრივს ვამზადებ.
– რატომ არის ამ წესების ზედმიწევნით დაცვა საჭირო?
– გლუტენის ერთი ნამცეციც კი არ უნდა შეყვეს გლუტენის აუტანლობის მქონე პირის კერძს, უნებლიედაც კი არ უნდა დაირღვეს მისი დიეტა, რადგან მაშინვე იჩენს თავს ის პრობლემები, რომლებიც ცელიაკიას ახლავს თან, კერძოდ, მუცლის ტკივილი, წვრილი ნაწლავის დაზიანება, ფაღარათი და ა.შ.
– გვანცა, სახლის პირობებში რა ტიპის უგლუტენო კერძის მომზადებაა შესაძლებელი?
– ფაქტობრივად, ყველაფრის მომზადებაა შესაძლებელი. ზუსტად ვიცი, ჩემს შვილს ცელიაკია რომ არ დადასტურებოდა, უგლუტენო კერძების მომზადების კუთხით კულინარიის შესაძლებლობების შესახებ არაფერი მეცოდინებოდა. მადლობა ანდრიას, რომ საკუთარი თავიც სხვა კუთხით დამანახა. დავიწყე უგლუტენო ხინკლის, ხაჭაპურის, პელმენის, რავიოლის, სპაგეტის, ტკბილეულის მომზადება.
– სად მოიპოვებთ უგლუტენო კერძების მოსამზადებლად საჭირო ნედლეულს?
– არათუ მზა უგლუტენო პროდუქცია, ნედლეულიც არ ღირს იაფი. არსებობს კომპანიები, რომლებსაც საქართველოში ნედლეული შემოაქვთ და ერთ ჯერზე ათეულობით კილოგრამის შეძენა მიწევს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი დამხმარე ინგრედიენტი ჩვენს ქვეყანაში არ შემოდის, მაგალითად, შემასქელებლები და ემულგატორები, რომლებიც უგლუტენო საკვების გარკვეული პერიოდით შენახვას უზრუნველყოფს. მათი ევროპული საიტებიდან გამოწერა მიწევს, რაც ხარჯს, ცხადია, მხოლოდ ზრდის.
– უგლუტენო საკვების გემოვნური თვისებების შესახებაც მოგვიყევით და რამდენად რეკომენდებულია მათი მიღება ცელიაკიის არმქონე პირებისთვის?
– უგლუტენო პროდუქცია, ჩვეულებრივთან შედარებით, შეიცავს უფრო მეტ შაქარსა და სახამებელს, შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ ცელიაკია და გლუტენის აუტანლობა, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ არ უნდა ამოიღონ გლუტენი რაციონიდან. უგლუტენო დიეტა არის საჭიროება. რაც შეეხება გემოვნურ თვისებებს, გააჩნია, როგორ მოამზადებ უგლუტენო კერძებს. ამ წლების განმავლობაში თანდათან დავხვეწე რეცეპტები, რათა კერძები, გემრიელთან ერთად, ჯანსაღიც ყოფილიყო. უგლუტენო საკვები, სტრუქტურითა და გემოთი, ჩვეულებრივისგან მხოლოდ მცირედით განსხვავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უგემური არ არის.
– გვანცა, თქვენს წამოწყებაზეც მოგვიყევით, როდის დაიწყეთ უგლუტენო კერძების შეკვეთით მზადება?
– დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ, მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე. თავდაპირველად, შემკვეთთან მხოლოდ მზა პროდუქციას ვაგზავნიდი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ უგლუტენო პროდუქცია ჰაერთან კონტაქტისას მალე შრება (გლუტენი პროდუქციის ვარგისიანობის ხანგრძლივობასაც უზრუნველყოფს), რის გამოც მეორე-მესამე დღეს მისი ჭამა უკვე აღარ არის სასიამოვნო, ნახევარფაბრიკატების მომზადება გადავწყვიტე. ნახევარფაბრიკატების მეშვეობით ორი პრობლემა იჭრება – ერთი ის, რომ იმ წუთას მომზადებულ პროდუქციას მიირთმევ და მეორე, თავდაჯერებულობა გეზრდება, რადგან კერძს მზა სახეს შენ აძლევ. ნელ-ნელა ნახევარფაბრიკატების ასორტიმენტის კიდევ უფრო გაზრდას ვგეგმავ.
– როგორც ვიცი, თქვენი პროდუქციის მომხმარებლებს შორის უცხოელებიც გამოჩნდნენ.
– დიახ, უკვე რამდენიმე ქვეყანაში ვაგზავნი ჩემ მიერ მომზადებულ ნახევარფაბრიკატებს. მეზობელი ქვეყნებიდან ხშირად მომმართავენ ხინკლისა და პელმენისთვის. პროდუქცია დაფასოებულია კონტეინერებში, თავსდება თერმოჩანთებში, ყინულში, სადაც 8 საათი თავისუფლად ძლებს. ამასთან, ვთანამშრომლობ რამდენიმე ტურისტულ კომპანიასთან, რომლებიც საკვებს გლუტენისა და ლაქტოზის აუტანლობის მქონე ტურისტებისთვის მიკვეთავენ. ძალიან მიხარია, რომ ქართული კულინარიის გამორჩეული კერძების პოპულარიზაციის საშუალება მეძლევა და საქართველო უგლუტენო და ულაქტოზო საკვების მიმწოდებელი ქვეყნების რუკაზეც მოინიშნა.
– საუბრის ბოლოს ის გამოფენაც ვახსენოთ, სადაც თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა გექნებათ.
– სულ მალე, ვენაში, გაიმართება ღონისძიება „Free From Food & Ingredients“, რომელშიც მთელი მსოფლიოდან 500-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ნამდვილად ამაღელვებელია, რომ მასზე საქართველოს, როგორც Gluten Free მიმართულებას, Gvantsa’s Gluten Free წარმოაჩენს.