როცა ვინმე ამბობს, რომ 2-ჯერ 2 არის 4, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მე ვამბობ, რომ 2-ჯერ 2 არის 4 , – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირებზე სესხების დაკრედიტების ახალი წესი ეკონომიკური ზრდის ტემპს 3%-ით შეამცირებს, როგორც ამას საბანკო სექტორი პროგნოზირებს.
„საქართველოში ჩვენ გვაქვს რისკი იმისა, რომ ჭარბვალიანობა გადავიდეს სისტემურ პრობლემაში და ამას მხოლოდ მე არ ვამბობ. თუ თქვენ გადახედავთ საერთაშორისო ფინანსური დონორების ანგარიშებს ჩვენს შესახებ, ნახავთ, რომ თითოეული მათგანი ამას აღნიშნავს. აქედან გამომდინარე, ეს არის სწორი ნაბიჯი. ისევე როგორც სწორი ნაბიჯია დედოლარიზაციის პროცესის დაჩქარება. ჩვენ უნდა გავხადოთ საქართველო ნაკლებად მოწყვლადი გარე ფაქტორების მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ მოვახდინოთ საქართველოს მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიკაცია და ამავე დროს უზრუნველვყოთ ის, რომ გარე ფაქტორები მინიმალურ გავლენას ახდენდეს შიდა ეკონომიკაზე. მე მხარს ვუჭერ სრულად იმ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დედოლარიზაციისა და ჭარბვალიანობის შემცირებისკენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, კერძო სექტორის პოზიცია არის მნიშვნელოვანი. „მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ეროვნულ ბანკსა და კერძო სექტორს შორის და მე ვფიქრობ, რომ მოხდება პოზიციების შეჯერება. ჩვენთვის მთავარია მივაღწიოთ მდგრად და ინკლუზიურ ზრდას საქართველოში“, – განაცხადა ბახტაძემ.