“გვჭირდება მეტი დადგმული სიმძლავრე ენერგეტიკაში, ამავდროულად, ბუნების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბალანსს აუცილებლად დავიცავთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქზე ლაივ-მიმართვისას ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მამუკა ბახტაძემ სვანეთში არსებულ მდიდარ ჰიდრორესურსებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნებისმიერი მსხვილი პროექტის განხორციელება უნდა დაეფუძნოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს და ამავადროულად, ფართო საზოგადოებრივ კონსესუსს.
„ნებისმიერი ეკონომიკის განვითარების გზაზე არსებობს ორი სექტორი, რომლმაც შეიძლება შეაფერხოს ის, თუ მათი ზრდის ტემპი არ უსწრებს ზოგადად ეროვნული ეკონომიკის განვითარებას. ეს არის ენერგეტიკა და ტრანსპორტი. ესეც უნდა გვახსოვდეს, რომ გვჭირდება დამატებითი დადგმული სიმძლავრეები ჩვენს ენერგეტიკაში, რომ უფრო სწრაფად განვავითაროთ ეკონომიკა და ქვეყანა სიღარიბიდან ამოვიყვანოთ.
ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ სიღარიბის დამარცხებას ემყარება და დამატებითი სიმძლავრეები ენერგეტიკაში არის ამის ერთ-ერთი წინაპირობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ულამაზესი ბუნების ხარჯზე. ამაზე დიდი სიმდიდრე ჩვენ არ გვაქვს. ეს არის უპირველესი პრიორიტეტი და ანალოგიური დონის პრიორიტეტია ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
თითოეული პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ყველა პარამეტრს, მათ შორის სოციალურსაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას, როგორ გაუმჯობესდება მათი ცხოვრება და გადაიჭრება მათი პრობლემები ამა თუ იმ პროექტის განხორციელების შემდეგ. მიმაჩნია, რომ როდესაც ვსაუბრობთ განსაკუთრებით დიდ ჰესებზე,კაშხლიან ჰესებზე, ეს უნდა იყოს ძალიან ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი და არა მარტივი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
https://www.facebook.com/bakhtadzemamuka/videos/2163273257226768/
შეგახსენებთ, პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობას მოსახლეობის ნაწილი წლებია, აპროტესტებს. ჰესების მშენებლობის საკითხზე მოსახლეობამ ბოლოს კრება 29 იანვარს გამართა. კრების შემდეგ, როგორც აქტივისტებმა თქვეს, პოლიციამ უხუცესები განყოფილებაში დაიბარა და მათზე ზეწოლა სცადა. ბოლოს საპროტესტო აქცია კი გუშინ, 2 თებერვალს გაიმართა. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ჰესების მშენებლობა ხეობას და მის მცხოვრებლებს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
„ეს არის ჩვენი ცხოვრების ხერხემალი. ეს არე-მარე, მის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ. დამთავრდეს ჰესის მშენებლობის საქმე. მოვუწოდებთ კომპანიას, ნუ გვიმტრობს ქისტ ხალხს“, – აცხადებენ ხეობის მცხოვრებლები.