გვესმის, რატომაც შეიძლება, საქართველოს მთავრობა იკავებდეს თავს სანქციების დაწესებისგან, ვაფასებთ მთავრობის ჩართულობას იმაში, რომ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს გავლით არ აქვს რუსეთთან ბიზნესის წარმართვის საშუალება, – განაცხადა „ფორმულას“ ეთერში საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ.
„მე არ მინახავს პირდაპირი კრიტიკა ქართული მთავრობის მიმართ, რადგან ჩვენ გვესმის საქართველოს სიტუაცია; გვესმის, რატომაც შეიძლება, იკავებდეს თავს საქართველოს მთავრობა სანქციების დაწესებისგან; გვესმის მთავრობის ქმედების მოტივები. ვაფასებთ მთავრობის ჩართულობას იმაში, რომ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს გავლით არ აქვს ბიზნესის წარმართვის საშუალება რუსეთთან და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ამგვარი მცდელობები აღკვეთოს და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ამგვარი მცდელობები. შესაბამისად, ჩვენ ვენდობით ამ შემთხვევაში მთავრობას“, – განაცხადა პეტრ მიკისკამ.
ამასთან, ჩეხეთის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა და სურს, იხილოს ის ევროკავშირში.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველო ევროკავშირში. საქართველოსთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვქონდა არა მხოლოდ ჩეხეთს, არამედ ევროკავშირსაც. საქართველო არის ევროპული ქვეყანა; ამიტომ, მოდი, ვიმუშაოთ ერთად, რომ ვიხილოთ საქართველო ევროკავშირში“, – განაცხადა მიკისკამ.