30 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ წევრები, რეზო ბლიაძე და ლელო ხოტივარი სტუმრობდნენ, რომლებმაც თავიანთ შემოქმედებაზე და დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს. გადაცემაში სიმღერის „დაბადების დღე“ პრემიერა შედგა.
რეზო, ძალიან დიდი პოპულარობა მოგიტანათ სიმღერამ „მეგობარო“, მომიყევი, როგორ შეიქმნა ეს ნამუშევარი.
რეზო: როგორც „რეზო და ბავშვების“ ყველა სიმღერა, ეს ნამუშევარიც მეგობრული გართობიდან წამოვიდა. ერთი ჩვეულებრივი გართობა და ჩვენი ბორჯომში გასეირნება ამ სიმღერაში გადაიზარდა. ეს არის სიმღერა, რომელიც დღემდე დაგვყვება და გასდევს ჩვენს ცხოვრებას. ჩავედით ბორჯომში, კარგად გავერთეთ და დილით გავიღვიძე თუ არა, დავიწყე მუსიკის წერა, ტექსტი უკვე დაწერილი იყო, მისამღერზე რომ მივედი, ამ დროს ლელოს ეძინა და ზუსტად აქედან წამოვიდა ფრაზა „მეგობარო გაიღვიძე“.
ლელო, ვისაუბროთ კლიპის გადაღების პროცესზე. როგორი იყო შენი ხედვა კლიპთან დაკავშირებით?
ლელო: კლიპის გადაღების ამბავში დიდი ხედვით არ გამოვირჩეოდი. ამ კლიპის რეჟისორი პაატა მეიშვილია. ხშირად ვიკრიბებოდით ხოლმე ჩემს სახლში, სადაც მინი სტუდია გვქონდა მოწყობილი და ვიყავით ერთ ამბავში. ჩემი სახლი ბოლო სართულზეა, იქიდან პირდაპირ სახურავზე ადიხარ. რამდენჯერმე ვიყავით სახურავზე ასულები და ერთხელაც რომ ავედით, პაატამ თქვა, მოდი სახურავზე გადავიღოთ კლიპიო. რეზომ და პაატამ პატარა სცენარივით მოიფიქრეს, ვიშოვეთ აპარატურა, ჩავწერეთ სიმღერა და საბოლოო შედეგი კი იხილეთ ყველამ.
როგორია სიმღერის „სათვალე“ შექმნის ისტორია?
რეზო: ამ სიმღერის შექმნის ისტორიაც პაატა მეიშვილს უკავშირდება. პაატას მოვასმენინე სიმღერა „ყურსასმენები“, ნახე რა სიმღერა დავწერე-მეთქი. პაატამ მითხრა, მეც დავწერე სიმღერაო, ვუთხარი, მომასმენინე-მეთქი და პიანინოზე ან გიტარაზე დაკვრა შევთავაზე, მაგრამ მან თქვა, რომ დაკვრა არ იცოდა. გამიკვირდა, აბა როგორ დაწერე-მეთქი და მელოდია დაუსტვინა. ვუთხარი, მართლაც დაგიწერია სიმღერა, დანარჩენს მე მივხედავ-მეთქი.
„ყურსასმენები“ როდის შეიქმნა?
რეზო: „ყურსასმენები“ „სათვალის“ შექმნის წინა დღეს დაიწერა. სხვათა შორის, „ყურსასმენებიც“ ბორჯომში დაიწერა. მკურნალობის შემდგომი, სარეაბილიტაციო პერიოდი მქონდა და იქ აღმოვჩნდი სრულიად მარტო. იზოლირებული ვიყავი ერთი თვის მანძილზე და იქ დაიწერა რეზო და ბავშვების რამდენიმე ახალი სიმღერა. ამ პერიოდში შეიქმნა სიმღერები: „ყურსასმენები“, „რამე ახალი“ „ხელები, ხელები!“ . ბორჯომში დავასრულე „სათვალის“ ტექსტიც. მოკლედ, მკურნალობიდან ახალი სიმღერებით დავბრუნდი.
როდის და სად იგეგმება თქვენი კონცერტები?
რეზო: წელს არაერთი კონცერტი გვექნება. პირველ ივნისს მთაწმინდის პარკში ვიმღერებთ, აღვნიშნავთ ბავშვთა დღესაც და ზაფხულის დადგომასაც, რეპერტუარი გათვალისწინებული იქნება დიდებზეც და პატარებზეც. ამ დილით დავბრუნდით ბათუმიდან, სადაც დავიწყეთ კონცერტები და სადაც კიდევ ბევრ კონცერტს გავმართავთ, 8-10 კონცერტი უკვე დაგეგმილია. ეტაპობრივად კიდევ და კიდევ იგეგმება სხვა კონცერტებიც. გარდა ამისა, 7 ივნისს, 20:00 საათზე მზიურის ბაღში შევხვდებით ერთმანეთს. 5 ივნისს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გავმართავთ კონცერტს. 3 ივნისს „ოტიუმში“ გვაქვს კონცერტი და ველით ჩვენს მსმენელს.
დღეს გვაქვს სიმღერის „დაბადების დღე“ პრემიერა. ვისაუბროთ ამ ნამუშევარზე.
რეზო: სიმღერის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. გვინდოდა, სიმღერა დაბადების დღეზე ყოფილიყო, რადგან ერთადერთი ქართული სიმღერა, რომელიც ჟღერდა და ისმოდა „მახალისებს ეს მზიანი დარი“ იყო. აღმოვაჩინეთ, რომ დაბადების დღის მილოცვა თუ გინდოდა, ან ეს სიმღერა უნდა ჩაგერთო ან „Happy Birthday“.
ლელო: ან ვერაფერი (იცინის).
რეზო: გვინდოდა, რაღაც შუალედური ბალანსი ყოფილიყო. საბედნიეროდ, ჩვენ ვართ ჯგუფი, რომელიც არ იპრანჭება სხვადასხვა კოლაციებზე და სხვადასხვა მიმართულებით დაკვრასთან დაკავშირებით. ვუკრავთ, ქორწილებშიც, ძეობებშიც და სხვადასხვა ღონისძიებებზეც, არ არის ამის პრობლემა. ხშირად ვხვდებით ხოლმე დაბადების დღის წვეულებებზე, ამიტომ შევეცადეთ შეგვექმნა სიმღერა, რომელიც იქნებოდა დაბალანსებული, რომელიც ახალგაზრდებისთვის და პატარებისთვის მარტივი და ადვილად ასატაცებელი იქნებოდა და რომელსაც უფროსებიც მიუძღვნიდნენ ერთმანეთს. ასე შეიქმნა „რეზო და ბავშვების“ „დაბადების დღე“, რომელსაც ყველა იუბილარს ვუძღვნით.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
რეზო და ბავშვები – მევასები. Live
რეზო და ბავშვები. გადაცემა “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი