“ამ ანგარიშის თანახმად, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეებს არ აქვთ თავისუფალი არჩევანი, რადგან ძალადობის, ზეწოლისა და ტერორის ქვეშ ჩატარდა სარეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” წევრმა, სალომე სამადაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ანგარიშის გზავნილი ის არის, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, ქვეყანას არანაირი ევროატლანტიკური მომავალი არ ექნება.
“ამ ანგარიშის თანახმად, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეებს არ აქვთ თავისუფალი არჩევანი, რადგან ძალადობის, ზეწოლისა და ტერორის ქვეშ ჩატარდა სარეზიდენტო არჩევნების მეორე ტური; სახელმწიფოში, სადაც სუს-ი ერევა ჩვენს პირად სივრცეში, ახორციელებს მოქალაქეებზე თვალთვალს და ზეწოლას, როგორც მას ესაჭიროება და არანაირი სამოქალაქო ზედამხედვლელობა სუს-სა და უშშიშროების სამსახურებზე არ არსებობს; სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან და აუცილებლად მინდა ვახსენო დავით კირკიტაძის საქმე, რომელიც არის ასევე მოხსენიებული; სახელმწიფოში, სადაც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთითა და ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე; და რაც მთავარია, სახელმწიფოში, სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და შესაბამისად, არანაირი უფლებისა და თავისუფლების შესაძლებლობა.
ეს ანგარიში ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერანაირად ვერ მიაღწევს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რადგან ნატო და ევროკავშირი არის დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანებები, ჩვენ კი გვითხრეს, რომ ჩვენს სახელმწიფოში დემოკრატია ფაქტობრივად, არ არსებობს. საქართველო დარჩება ღარიბ და განუვითარებელ სახელმწიფოდ, რადგან არც ერთი ინვესტორი, რომელიც ამ ანგარიშს წაიკითხავს, არ ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. ამ ანგარიშის გზავნილი ჩვენთვის, ყველა მოქალაქისთვის ძალიან ნათელია: თუ არ შეიცვალა ხელისუფლება, პოლიტიკური სისტემა, რეალურად ჩვენს ქვეყანას არ აქვს არც დაცული, არც უსაფრთხო და შეიძლება ითქვას, არანაირი ევროატლანტიკური მომავალი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ანგარიშმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში არჩევნების გზით და საქართველოში დაიწყოს სწრაფი რეფორმების განხორციელება,“ – განაცხადა სამადაშვილმა.