საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა და სურთ, საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს“.
მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ს სხვადასხვა მიმართულებით მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.
„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძალზე ძლიერია და ის მოიცავს მთელ რიგ მიმართულებებს: უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა, და ასევე, ძალიან მტკიცე ხალხთაშორისი კავშირები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, ბრიუსელში ვიზიტი იყო, რათა ევროკავშირთან საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე მესაუბრა. ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი არის ბრიუსელში, სადაც ის დღეს იმყოფება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე სასაუბროდ. იმედი მაქვს, მომავალ წლებში ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად“, – განაცხადა ელჩმა.
აშშ-ს ელჩმა საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ შეერთებული შტატები ორიენტირებულია, დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში.
„მოდით, არჩევნებზე უფრო ზოგადად ვისაუბრებ. საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია, და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი. ასე რომ, მე მოუთმენლად ველი, რომ ქართველებმა გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლება და მისცენ ხმა და ამერიკელებმაც იგივე გააკეთონ შეერთებულ შტატებში“,- აცხადებს დანიგანი.
