LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰ და მ, ჰაუნდემი თუ ჰაედამანი: დიახ, ამ ბრენდმა პატივი სცა სახელმწიფო ენას

1639

თბილისში საერთაშორისო ბრენდის მაღაზიის H&M -ის გახსნას დიდი ხანია ელიან. თარიღისა და ადგილმდებარეობის დასახელების შემდეგ, კიდევ ერთი აჟიოტაჟი, ბრენდის ქართულ დასახელებას მოჰყვა.

მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, გალერეა თბილისის ფასადზე ქართული წარწერა – ჰ&მ გააკრიტიკა. ისინი ამბობენ, რომ წარწერა ცუდად ჟღერს.

სოც.ქსელში აგორებულ კითხვებზე, კომენტარი გააკეთა საქართველოში ბრენდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თეონა ბაღდავაძემ. მისი თქმით, ამ ბრენდის მიერ ქართული წარწერის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.

“ერთ- ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი , რომელიც მკაცრად მიყვება საკუთარ ბრენდბუქს, გარდა იმისა, რომ პატივს სცემს შენს კანონს, იყენებს ძველქართული კალიგრაფიის მხატვრულ ხერხს, რომელისაც საქართველოშიც კი ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, ვფიქრობ რომ ამ კომპანიის შემოსვლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენაა”, – წერს თეონა ბაღდავაძე.

ბრენდს მადლობა გადაუხადა, ცნობილმა ფოტოგრაფმა, გოგა ჩანადირმა. მან ასევე, განმარტა, რატომ უნდა დაეწერათ ჰ და მ და არა სხვა წარწერა.

“დიახ, ამ საერთაშორისო (შვედეთიდან) ბრენდმა პატივი სცა სახელმწიფო ენასა და კანონს რეკლამის შესახებ.

ახლა განვმარტავ:

კანონი დაწესებულებებს სახელის თარგმნას არ ავალდებულებს. მაგალითად, თუ არის Head and Shoulders, მას გარეაბრაზე შეუძლია დააწეროს ქართული ასოებით ისე, როგორც იკითხება – ჰედ ენდ შოლდერსი და არა როგორც იწერება “ჰეად ანდ შოულდერს(ი)”, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ ლათინური ასოებით არ უნდა დაიწეროს.

ბრენდის საკუთარი სახელის თარგმნას კანონი არ ითხოვს.

ცუდად ჟღერსო, კრიტიკოსები ამბობენ.

თუ ცუდად ჟღერს, ჩვენი ბრალია? ეს ხომ ჩვენი მოგონილი სიტყვები არ არის? ისე ვწერთ, როგორც წარმოითქმის.

რაც შეეხება ჰდამ-H&M-ს – ეს შვედური კომპანიაა. სრული სახელია Hennes & Mauritz, რაც ნიშნავს ქალის და კაცის. შემოკლებით H&M

კიდევ ერთხელ ვიტყვი, კანონი ბრენდს არ სთხოვს ქ და კ-ს, ანუ, სახელის გადმოქართულებულად დაწერას. ამიტომ, არც ეს შემთხვევაა საქილიკო.

დედანში H&M იკითხება როგორც “ჰაუნდემი”, ხოლო ინგლისურად წარმოსთქვამენ “ეიჩენდემი-ს”.

თუ მაინცდამაინც ისე უნდა დავწეროთ, როგორც წარმოითქმის, მაშინ ჰაუნდემი იქნება, რადგან მწარმოებლის სახელია.

ხოლო თუ ქართულით მივყვებით, მაშინ ლოგიკურად, “ჰაედამანი” იქნება. აბრევიატურა საკუთარ ენაზე მორგებას იტანს, ისევე, როგორც ინგლისურმა და “ეიჩენდემი” მოირგო.

რატომაც არა? დავუძახოთ “ჰაედამანი”.

დაკიდევ, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სადაც “ჰაედამანი” შედის, მცირე ხნის შემდეგ მას უფრო ცნობილი ბრენდები მიჰყვებიან“, – წერს გოგა ჩანადირი.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს თბილისში H&M-ის მაღაზია, რუსთაველის გამზირზე, გალერეა თბილისში იხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g