ჰაერის დაბინძურებას დიდწილად განაპირობებს სამშენებლო საქმიანობაც, ამიტომ შემუშავებულია მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები და საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილია პარლამენტში, – ამის შესახებ “მწვანე პოლიტიკა” – ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საწვავის ხარისხის გაუმჯობესება არის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ჰაერის დაბინძურებისგან დაცვის თვალსაზრისით.
„2017 წლიდან ჩვენ შემოვიღეთ ბენზინის უფრო მაღალი, „ევრო 5“ სტანდარტი. გასული წლის ბოლოს მთავრობამ მიიღო ახალი რეგულაციები და 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხი „ევრო 4“ სტანდარტს გაუტოლდა, ხოლო 2020 წლის 1 იანვრიდან კი საქართველო „ევრო 5“ სტანდარტზე გადავა. დიზელის საწვავის სტანდარტის გაუმჯობესებასთან ერთად 2019 წელს გააქტიურდა მასში გოგირდის შემცველობის ნორმასთან შესაბამისობის კონტროლიც. მომავალ წელს ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ შემოწმებებს ამ თვალსაზრისით. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მთავრობამ თბილისის მერიასთან ერთად შეიმუშავა 40-პუნქტიანი გეგმა. მასში გაწერილია ძალიან კონკრეტული და ქმედითი ღონისძიებები, რომელთა შესასრულებლადაც აქტიურად მუშაობს ყველა უწყება. როგორც იცით, გასული წლის 1 აგვისტოდან ქვეყანაში ჰაერის ხარისხის შეფასება ხდება თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით და აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება“, – განაცხადა პრემიერმა.