ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „პორტიჯის“ წარმომადგენელი, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი ელენე ლურსმანაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ბავშვებში კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სირთულეებზე, აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზებზე, პროცესში მშობლების ჩართულობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა და არაერთი საჭირო რეკომენდაცია გაგვიზიარა.
ელენე, ჩვენს გადაცემაში ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, თუ რას ნიშნავს ადრეული ასაკის ბავშვის დახმარება, როცა მათ სხვადასხვა ტიპის განვითარების სირთულეები აქვთ. რა ახალი მიმართულებები არის აღნიშნულ სფეროში?
დღევანდელ რეალობაში, ჩვენ ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ცალკეული ინდივიდების და მთლიანი ოჯახების მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მატარებელი ხდება.
ჩვენ ხშირად ვახსენებთ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა ნდობა, პარტნიორობა, თანამშრომლობა, მხარდაჭერა, ეფექტური კომუნიკაცია. დღევანდელი თემა ზუსტად ეფექტურ კომუნიკაციაზე საუბარს ეხება.
განვიხილოთ მიდგომა, რომელიც მხარს უჭერს ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას… კომუნიკაცია რომ ეფექტური და შედეგიანი გამოვიდეს, იქნება ეს თერაპიულ ჭრილში თუ სხვა მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია სანდო გარემოს ჩამოყალიბება და ეს სანდო გარემო ურთიერთთანამშრომლობით მიიღწევა და არა, მაგალითად, კონტროლით. შესაბამისად, ვიდეო ინტერაქციული გაძღოლა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, მოიაზრებს ამ თანამშრომლობას, მხარდაჭერას და ეს არის პროფესიული პოზიცია, სადაც პრაქტიკოსი არ არის აღქმული, როგორც დომინანტი ან ექსპერტი რაიმე მიმართულებით, არამედ ის არის მშობლის პარტნიორი და ის ცდილობს, დაინახოს, გამოკვეთოს და ხაზი გაუსვას იმ ძლიერ მხარეებს, რომელიც მის კლიენტს, ამ შემთხვევაში, მშობელს უკვე გააჩნია და შემდეგ, ამაზე დაიწყოს იმ ცვლილებების შენება, რომელზეც პრაქტიკოსი და მშობელი შეთანხმდებიან. შესაბამისად, მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში, ნიშნავს ემოციური მიმღებლობის, ემოციური მხარდაჭერის შეთავაზებას და იმ ძლიერი მხარეების გამოკვეთას და ხაზგასმას, რომელიც ჩვენს კლიენტს უკვე გააჩნია.
რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს არის ერთობლივი კვლევა-ძიების პროცესი, სადაც განსხვავებული აზრები აუცილებლად პატივსაცემი და მიღებულია, გარდა ამისა, ეს არის ისეთი პროცესი, სადაც ორივე საკომუნიკაციო პარტნიორი თანასწორუფლებიანია, ანუ აქ ერთი რომელიმე დომინანტი ნამდვილად არ არის და არც უნდა იყოს, თუ ჩვენ წარმატებული კომუნიკაციის დამყარების გზებზე ვსაუბრობთ.
რატომ გახდა აუცილებელი მშობლის, აღმზრდელის უშუალო ჩართულობით გაშუალედებული ურთიერთობა ბავშვთან, იმ ფონზე, როცა ჩვენ გვაქვს პრაქტიკაში კარგად დანერგილი თერაპიების მთელი წყობა, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი პროცესში მშობლის ჩართულობა და აქვს კი ამას შედეგი?
ახსენეთ სხვა მიმართულებები და ტრადიციული თერაპიული მიდგომები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ასევე წარმატებით მუშაობს, მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა იმ მთავარ განსხვავებას, რომელიც ამ ტრადიციულ მიდგომებსა და ვიდეო ინტერაქციულ გაძღოლას შორის არსებობს. ალბათ, არავისთვის იქნება სიურპრიზი, თუ ვიტყვით, რომ ტრადიციული მიდგომები ძირითადად სირთულეების და პრობლემების გამოკვეთაზე არის ორიენტირებული და ძირითადად, ჩვენი, თერაპევტების კლიენტი არის ბავშვი, ხოლო მშობელი არის ამ ინფორმაციის პასიურად მიმღები და ის არ არის პროცესის აქტიური მონაწილე.
ვიდეო ინტერაქციულ გაძღოლას რაც შეეხება, აქ მთავარი აქცენტი მშობელზე არის გადატანილი და პრინციპში, ის არის ამ პროცესის წამყვანი. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, ამ დროს, მიმდინარეობს ვიდეო ჩანაწერების გაკეთება, სადაც ასახულია მშობლის და ბავშვის კომუნიკაცია. შემდეგ, პრაქტიკოსი ამუშავებს ამ ვიდეოებს და გამოყოფს იმ კომპონენტებს და მომენტებს, რომელიც განსაკუთრებით კარგად უსვამს ხაზს და გვანახებს, თუ როდის მიმდინარეობს ჰარმონიული კომუნიკაცია და რა კომპონენტებს ეფუძნება ის და ხდება ამის განხილვა, ანუ მშობელი უშუალოდ მონაწილეობს პროცესში, მასზე იწერება ვიდეო და შემდეგ, ის თავად განიხილავს ეკრანზე საკუთარ თავს და ქმედებებს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის განსჯითი და შემფასებლური პროცესი, ეს უფრო თვითრეფლექსიაზე და თვითანალიზზე არის ორიენტირებული, ანუ ჩვენი მიზანი არ არის, აღმოვაჩინოთ, თუ რას ვაკეთებთ შეცდომით, ჩვენი მიზანია, ხაზი გავუსვათ იმ მომენტებს, რასაც უკვე წარმატებით ვახორციელებთ და რისი რესურსიც უკვე გაგვაჩნია. სწორედ ამ მომენტების გაძლიერებით და დანახვით უნდა მივაღწიოთ იმ ცვლილებებს, რომლებიც მომავალში გვინდა, რომ განვიხილოთ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი არ ემყარება აბსტრაქტულ-ვერბალურ მსჯელობას, ჩვენ წინ გვიდევს კონკრეტული ვიდეო, რომელსაც განვიხილავთ, კონკრეტული წუთები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი დიალოგისთვის და სწორედ ამ წუთებს ვუყურებთ მშობლებთან ერთად და ამაზე მიმდინარეობს აზრების ურთიერთგაცვლა.
როგორია ქართველი მშობლების პირველადი მიმღებლობა ამ ახალი პროექტის მიმართ? თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფერს უფრო სწრაფი შედეგი ექნება ბავშვთან გარკვეული პროგრესის მიღწევის კუთხით თუ ეს მხოლოდ საცდელი ეტაპის მიმართულებაა, რომელსაც ჯერ ტესტავთ და შემდეგ, გექნებათ კონკრეტული ანალიზი, იმუშავა თუ არა მან? აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი მშობლები მენტალობიდან გამომდინარე უფრო რთული მშობლები არიან, ვიდრე, მშობლები, რომლებიც შედარებით უფრო განვითარებული ქვეყნებიდან არიან და რომელთაც უფრო ადვილი აქვთ მიმღებლობა ამ ტიპის პრობლემების მიმართ.
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მიმღებლობა, რაც თქვენ ახსენეთ. ჩვენი სხვა გამოწვევებითაც არის განპირობებული, რომ ჩვენ კიდევ სხვა ყოფით პრობლემებთან გვიწევს შეჭიდება და ამის ფონზე გვიწევს ჩვენი შვილების განვითარებაზე ზრუნვა და ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის კბილებით დაცვა.
მაგალითისთვის, ეს მიდგომა ძალიან კარგად მუშაობს დიდ ბრიტანეთში, მაგრამ შედარებით ახალია ქართული ბაზრისთვის.
პირველად ამ მიდგომასთან შეხება ჩემი სამაგისტროს პერიოდში მქონდა, ჩემს ხელმძღვანელთან ერთად მქონდა შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი პირველად, ასე ვთქვათ, სატესტო რეჟიმში გამოგვეცადა ქართველ მშობლებზე. გვყავდა 5 მშობელი და ამ პროცესში, მაშინ, თვალნათლივ დავინახე, თუ რა დიდი დადებითი გავლენა შეიძლება, ჰქონდეს ამ პოზიტიურ კომუნიკაციაზე დამყარებულ მიდგომებს პრაქტიკაში, რადგან თავიდან სკეპტიკურად უყურებენ ხოლმე მშობლები და მათ შორის, მეც, როგორც სპეციალისტი, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ.

ვიდეო ინტერაქციული მიდგომა თავისი პრაქტიკიდან მთლიანად იღებს ნეგატიური ფაქტორების განხილვას და მთლიანად დადებით და ძლიერ მომენტებზე არის ორიენტირებული, რაც საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ მშობლის თვითშეფასება და თვითრწმენა შეიცვალოს და შემდეგ, როდესაც მშობელი თავდაჯერებულია თავის ქმედებებში, ის ბევრად უფრო ჰარმონიულ ურთიერთობას აყალიბებს შვილთან, რადგან აღარ აქვს შფოთვა იმასთან დაკავშირებით, სწორად აკეთებს თუ არა ყველაფერს, საკმარისი არის თუ არა თავისი შვილისთვის და ა.შ.
მაგისტრატურის პერიოდში, ქეისებზე დაყრდნობით, დავინახე, თუ როგორ იცვლებოდა მშობლების მსჯელობა საკუთარი შვილის, საკუთარი თავის შესახებ და რომ მათი ურთიერთობა იქცეოდა ბევრად უფრო ჰარმონიულ კომუნიკაციად, მაშინ, როცა მანამდე, მაგალითად, ავტორიტეტული მიდგომა იყო.
კონკრეტულად რა ტიპის დაბრკოლებების მქონე ბავშვებისთვის არის აღნიშნული პროგრამა ყველაზე მეტად მოსახერხებელი, მაგალითად, ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის, მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის თუ ყველასთვის? ასევე, როგორ ხდება პროგრამაში ჩართვა?
სანამ უშუალოდ თერაპიულ პროცესზე გადავალ, მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად, ვიდეო ინტერაქციული გაძღოლა გამოიყენება არა მხოლოდ თერაპიულ პროცესში არამედ ყველგან, სადაც კომუნიკაცია არსებობს, მაგალითად, სკოლაში, რაიმე კონკრეტულ ორგანიზაციაში და ა.შ.რაც შეეხება აღნიშნული მიდგომის გამოყენებას, ის შეიძლება, გამოყენებული იყოს ნებისმიერი გამოწვევის მქონე მშობელთან და შვილთან, არ არის აუცილებელი, რომ ბავშვს რაიმე დიაგნოზი ჰქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ის შეიძლება, გამოვიყენოთ აუტიზმის, მეტყველების შეფერხების და ა.შ. შემთხვევაში.
ამ პროცესში, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ნებისმიერ, თუნდაც დიაგნოზის მქონე ბავშვთან კომუნიკაცია განსხვავებული დინამიკით, განსხვავებული მეთოდებით მიმდინარეობს. ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ კომუნიკაციას საუბრით ვამყარებთ, მაგრამ ეს მოცემულობა შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა დიაგნოზის ქვეშ, მაგალითად, შეიძლება, კომუნიკაცია მყარდებოდეს სხეულებრივი გამოხატულებით, ჟესტებით, მიმიკით, ღიმილით და ა.შ. და ეს მომენტები შეიძლება, იყოს წამიერი, წუთიერი, ძალიან მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ვიდეო ინტერაქციული გაძღოლა, ამ ვიდეოების მიკროანალიზით, სწორედ ასეთი მომენტების ჩვენებას ემსახურება, რომ მშობელმა რეალურად, ადეკვატურად აღიქვას, ის სიგნალები, რომლებიც ბავშვისგან მომდინარეობს და რომელთაც, შესაძლებელია, რომ ვერ ვამჩნევდით მანამ, სანამ ამ ყველაფერს ეკრანზე ვნახავდით.
ქცევითი სირთულეების შემთხვევაში, ხშირად ვისმენთ, რომ ბავშვს ძალიან რთული ქცევა აქვს, რომ აგრესიას გამოხატავს, რეალურად, ეს აგრესიის გამოხატულება კომუნიკაციის ფორმაა და მას შეიძლება, ჰქონდეს რაიმე საფუძველი, მაგალითად, შეიძლება, ბავშვი გრძნობდეს რაღაც დისკომფორტს, რაღაც აწუხებდეს, იყოს ძალიან დაღლილი ან მის საკომუნიკაციო პარტნიორს ჰქონდეს მის მიმართ ძალიან მაღალი მოთხოვნები. სწორედ ასეთი სიგნალების ადეკვატურ აღქმაში და გაანალიზებაში ეხმარება მშობელს ვიდეოზე დაფუძნებული გაძღოლა.
ხანდახან, ბავშვებსა და მშობლებს შორის კომუნიკაცია ძალიან რთულია, თუნდაც იმიტომ, რომ მშობელს ე.წ. პედაგოგიური ხელმიშვებულობა აქვს, არ არის ბავშვისთვის ავტორიტეტი და ა.შ. რა დროსაც, ვერანაირი მოლაპარაკების გზები, თანამედროვე მიდგომები, გაიდლაინები ვერ ჭრის, მაშინ, როცა უცხო სპეციალისტი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული გარემოდან შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, ძალიან მარტივად ალაგებს სიტუაციას. ამ მხრივ რამდენად გვეხმარება ვიდეო ინტერაქციული გაძღოლა, გვეხმარება თუ არა ხანდახან გაუფასურებული მშობლისა და ბავშვის ურთიერთობის ნაწილში, ურთიერთობის დალაგებაში?
ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითები ახსენეთ – „არ მიჯერებს, არ მომყვება“, „მე მისთვის ავტორიტეტი არ ვარ“, „თქვენ დაგიჯერებთ, რადგან უცხო ადამიანი ხართ, თქვენს ტერიტორიაზე მოდის ბავშვი და შესაბამისად, მეტი კონტროლი გაქვთ ამ ყველაფერზე“. რა თქმა უნდა, მე მესმის ყველა ეს მსჯელობა და მესმის, რომ როდესაც ბავშვი თერაპიულ პროცესში არის ჩართული 1 საათის განმავლობაში, შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში, გვეყოს ნერვი, მოთმინება, რომ ეს ყველაფერი სწორად წარვმართოთ. ბავშვის და მშობლის კომუნიკაცია ხომ დაუსრულებელია და არ მოიცავს იმ თერაპიულ ერთ საათს, გრძელდება მუდმივად და რა თქმა უნდა, როცა მე, როგორც მშობელს, მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი შვილი რთულ ქცევას განახორციელებს, რა თქმა უნდა, მაქვს შინაგანი შფოთვა და შემდეგ ეს შფოთვა, მშობლის ემოციური მდგომარეობა პირდაპირ აისახება ბავშვის ემოციურ რეგულაციაზე.
ვიდეო ინტერაქციულ გაძღოლაში არ არსებობს ავტორიტეტი, არ არსებობს ვინმე დომინანტი, ეს არის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, რადგან თუ ჩვენ გვინდა, რომ კომუნიკაცია წარმატებული იყოს, ნებისმიერი საკომუნიკაციო პარტნიორი, სამი წლის ბავშვიც კი, თანასწორ უფლებიანად უნდა იყოს აღქმული, რადგან მასაც აქვს საკუთარი სურვილები, მოთხოვნილებები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან კომუნიკაციის პროცესში იგრძნოს, რომ ის არ არის კონტროლის ქვეშ, მას არ უყენებენ ზედმეტ მოთხოვნებს, არამედ უნდა იგრძნოს, რომ მისი ესმით და შესაბამისად, რეაგირებენ თუნდაც, მის ამ რთულ ქცევით გამოვლინებებზე, რომელიც, როგორ უკვე ვთქვი, არის სიგნალი და არის მანიშნებელი, იმის რომ მე რაღაც დისრეგულაცია მაქვს გარკვეული მიმართულებით და მჭირდება მხარდაჭერა და მე უბრალოდ არ მაქვს სხვანაირი გამოხატვის ფორმები, რომ ეს მშობლამდე თუ სხვა პირამდე მივიტანო.
ზოგადად, თერაპიულ პროცესში როგორც მშობლის, ისე თერაპევტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პრიორიტეტების დასახვა და სწორი მოლოდინები, რადგან ბავშვის განვითარება არის გრძელვადიანი და თანმიმდევრული პროცესი და ამ პროცესში დადებითი და ძლიერი ნაბიჯების დანახვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ მე არარეალისტური მოლოდინები მაქვს საკუთარი შვილის მიმართ, დამერწმუნეთ, ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს. ვიდეო ინტერაქციული გაძღოლა იმ პატარა წარმატებულ მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის ბაზაც, საფუძველიც ჩვენ უკვე გაგვაჩნია.
ექსპერიმენტის სახით, გირჩევთ, აიღოთ ტელეფონი, დააყენოთ კამერა და გადაიღოთ ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც შვილთან ერთად ახორციელებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და სადაც მაქსიმალურად შეეცდებით, რომ სიამოვნების მიღებაზე, ბავშვის ინიციატივებზე და სურვილებზე იყოთ ორიენტირებული. შემდეგ, უბრალოდ, მშვიდად დაჯექით, ვიდეო გახსენით, უყურეთ და თქვენს თავს დაუსვით კითხვა – რომელი მომენტი მომეწონა ყველაზე მეტად, რატომ მომეწონა ეს მომენტი, ამ მომენტში რას ვგრძნობ მე და რას გრძნობს ჩემი შვილი და მერე, უბრალოდ, დააკვირდით თქვენს ფიქრებს, აზრებს, რადგან დარწმუნებული ვარ, იმ პატარა, მხიარული და სიყვარულზე დაფუძნებული მომენტების დანახვა, თქვენ დაგაჯერებთ, რომ თქვენ საკმარისი რესურსი გაქვთ იმისთვის, რომ თქვენი კომუნიკაცია თქვენს შვილთან იყოს ჰარმონიული, პოზიტიური და სიამოვნებაზე დაფუძნებული.
რა ხდება მაშინ, როცა მშობლის მიდგომა რადიკალურად განსხვავდება სპეციალისტის მიდგომისგან, შეიძლება, რომ ამან ხელი შეუშალოს განვითარების ეტაპებს და როგორ უნდა ვიმუშაოთ ასეთ მშობელთან, რა ხდება მაშინ, როცა მშობელი არ გეთანხმებათ?
მნიშვნელოვანი არის საერთო, ასე ვთქვათ, თანამშრომლობითი კულტურის შექმნა, ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია და სპეციალისტისთვის უცხო არ იქნება, თუ რაღაც ეტაპზე, მშობელთან ჩვენი აზრები თანხვედრაში ვერ მოვა.
ვიდეო ინტერაქციულ გაძღოლაში ზუსტად ის არის ხაზგასმული, რომ ნებისმიერი აზრი, გამოხატულება, დამოკიდებულება ადეკვატურად უნდა იყოს აღქმული. ამ ყველაფერს, აზრებს შორის განსვლას ამცირებს ის, რომ ჩვენ ვერბალურ, ჰიპოთეტურ მსჯელობაზე კი არ ვართ ორიენტირებული, არამედ კონკრეტული ვიდეო გვიდევს წინ, გვაქვს კონკრეტული მომენტები და პრაქტიკოსიც და მშობელიც ვუყურებთ კონკრეტულ მომენტს და შემდეგ, ამის შესახებ და ამის ირგვლივ ვცვლით აზრებს, ემოციებს, შთაბეჭდილებებს. აქ მნიშვნელოვანია, იმაზე ხაზგასმა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი არ არის, აღმოვაჩინოთ ან დავამტკიცოთ, რომ რომელიმე მხარე არის მართალი და მეორე მხარე – მტყუანი, რადგან ბავშვის განვითარება ასე სწორხაზოვნად არ მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, თუ რა მუშაობს კარგად და რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო წინ წავიდეს, დაწინაურდეს და კიდევ უფრო ხშირად ჰქონდეს მსგავს მომენტებს გამოვლინება. კონკრეტიკა ძალიან ამცირებს წინააღმდეგობაში მოსვლის ფაქტორს.

რა სიხშირით მიმდინარეობს პროგრამაში ჩართულობა, ვიდეო კადების გაზიარება და შემდეგ ემოციების გაცვლა სპეციალისტსა და მშობელს შორის და რა სიხშირით ავალებთ მშობლებს ვიდეოების გადაღებას, ასევე როგორ ხდება აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა?
თერაპიული პროცესი მაქსიმალურად არის მორგებული მშობლის კომფორტზე. შეიძლება, ჩემი შვილი ან მე ემოციურად მზად არ ვიყოთ ვიდეოს გადასაღებად იმ კონკრეტულ დღეს, როცა ეს პრაქტიკოსმა დაგვავალა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ემოციური მდგომარეობის გათვალისწინება, ვიდეო უნდა ჩაიწეროს მაშინ, როცა ვიგრძნობთ, რომ ამისთვის მზად ვართ ფსიქოლოგიურად, ემოციურად, ფიზიკურად.
ძალიან მნიშვნელოვანია ვიდეოს ხარისხი, რადგან კარგად უნდა იყოს დაფიქსირებული სახის გამომეტყველება, ხმა და ა.შ. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ვიდეოების ჩაწერა პრაქტიკოსმა მოახერხოს, რომ მშობელი თავისუფალი იყოს ზედმეტი წნეხისგან, თუ როგორ დააყენა კამერა, როგორ ჩაწერა ვიდეო და ა.შ.
ვიდეოს ჩაწერის შემდეგ, პრაქტიკოსი ამუშავებს ამ ყველაფერს, იღებს იმ კონკრეტულ მომენტებს, რომლებიც განსაკუთრებით კარგად ასახავს ჰარმონიულ კომუნიკაციას და შემდეგ, მშობლისთვის ხელსაყრელ დროს ხდება შეხვედრის ჩანიშვნა და ამ კადრების განხილვა.
რაც შეეხება სესიების რაოდენობას, ეს პროცესი ძალიან ინდივიდუალურია და ასე გამოწერილად ნამდვილად არ არის.
სერვისის მიღება საქართველოს „პორტიჯის“ ასოციაციის ფარგლებში არის შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ, ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე ნახოთ ჩვენი ნომერი, დაგვიკავშირდეთ და მიიღოთ ინფორმაცია.
არსებობენ მშობლები, რომლებიც მუდმივად განიცდიან დანაშაულის შეგრძნებას, რომ რაღაც არ გამოსდით, ასეთი მშობლებისთვის რა დატვირთვას იძლევა ამ ტიპის მიდგომები?
ეს არის ძალიან ბუნებრივი ფიქრები და აზრები, რომლებიც თუნდაც მე, როგორც თერაპევტს, მომდის კლიენტთან მიმართებაში და მშობელს თავის შვილთან მიმართებაში, რომ მე არ ვარ საკმარისი, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებ, რომ შეიძლება, ვიღაც ჩემზე უფრო კომპეტენტური ადამიანი იყოს და მან მოაგვაროს პრობლემა და ა.შ. რეალურად, ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციაში არსებობს წარმატებული მომენტები, უბრალოდ, ჩვენ მიმართულნი ვართ იქით, რომ დავინახოთ სირთულეები, გამოწვევები, პრობლემები, ის, რასაც კარგად ვერ ვართმევთ თავს და ამიტომაც არსებობს ვიდეო ინტერაქციულ გაძღოლაში პრაქტიკოსი, რომელიც დაგანახებთ კონკრეტულ მომენტებს და იმას, რომ თქვენ ხართ ცვლილებების განმახორციელებელი მთავარი აგენტი. როდესაც ამ ყველაფრის დანახვას იწყებენ მშობლები, ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ემოციას აზიარებენ, თუ როგორ იცვლება ფრაზები „მე არ ვარ საკმარისი“, „იქნებ, რამე დავაკელი ჩემს შვილს“ და ა.შ. შესაბამისად, მათ თავდაჯერებულობაზე ზრუნვა განაპირობებს იმ ცვლილებებს, რომელთაც მიზნად ვისახავთ.
თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომა, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც დარგის სპეციალისტებმა ბევრი პრობლემა დაინახეს მშობლების მიდგომაში? ასევე, თქვენ, როგორც სპეციალისტი, ყველაზე ხშირად რა ტიპის სირთულეებს ხედავთ მშობლის და შვილის კომუნიკაციაში, ყველაზე ხშირად რა არასწორ ქცევას აწყდებით მშობლის მხრიდან? მაგალითად, მე სულ მახსენდება ქალბატონ ნინო ცინცაძის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებს არასდროს არ უნდა დავაძალოთ გამეორება, რომ თურმე, საერთოდ არ უნდა თქვა – „თქვი“.

ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია, რადგან მშობელი არ არის ექსპერტი, ჩვენ წლობით ვისწავლეთ იმის შესახებ, თუ რა არის სწორი და რა არასწორი.
ჩვენ პრაქტიკამ დაგვანახა, რომ რეალური ცვლილებების მიღწევა მშობლის ჩართულობის გარეშე, შეუძლებელია. მშობელი პროცესის აქტიური მონაწილე უნდა იყოს, ჩვენი კლიენტი მხოლოდ ბავშვი არ არის, რადგან მშობელი ბავშვის ცხოვრებაში მთავარი მოქმედი გმირია და ის წარმართავს ყველაფერს. აღსანიშნავია, რომ აქ მხოლოდ მშობელზე არ არის საუბარი, საუბარია ყველა იმ საკომუნიკაციო პარტნიორზე, რომელთანაც ბავშვს დღის განმავლობაში ხშირად უწევს კომუნიკაცია.
თქვენ ახსენეთ ქალბატონ ნინო ცინცაძის სიტყვები და ეს ზუსტად იმის გადამღერებაა, რასაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ.
ჩვენ არ უნდა გვქონდეს კონტროლის მოპოვების და დომინანტობის სურვილი კომუნიკაციაში, ჩვენი შვილი თანასწორ საკომუნიკაციო პარტნიორად უნდა იყოს აღქმული და მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი მისი ინტერესების შემჩნევაზე. დამერწმუნეთ, თუ პრაქტიკაში განახორციელებთ ამ ყველაფერს, თქვენდაუნებურად დაინახავთ იმ ცვლილებებს, რომლისთვისაც ამდენ ხანს წვალობდით.
შეგიძლიათ, მოგვიყვანოთ მაგალითი, როცა ზემოთ განხილულმა მიდგომებმა უფრო კარგი შედეგი მოგცათ, ვიდრე სტანდარტულმა, ტრადიციულმა მიდგომებმა?
დიახ, მე მახსენდება ერთ-ერთი მშობელი, რომელმაც საბოლოო შეხვედრაზე მითხრა, თუ როგორ გამოიყენა ეს მიდგომა არა მარტო შვილთან, არამედ მეუღლესთან, სხვა ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. მან თქმა, როდესაც დავიწყე ჩემი ემოციების კონტროლი და ჩემი აზრების და სურვილების მშვიდად გახმოვანება, აღმოვაჩინე, რომ თურმე ისინი მისმენენ, შესაბამისად, ჩვენ მოლაპარაკების გზით ვახორციელებთ ცვლილებებსო. რეალურად, ბავშვებთანაც ზუსტად ასეა, როდესაც ჩვენ მათ საჭიროებებს ვხედავთ და შესაბამის პასუხს ვცემთ, ბავშვები გრძნობენ, რომ მათი სიგნალები ადეკვატურად არის აღქმული და სირთულეებიც ნაკლებად ჩნდება. ვიდეო ინტერაქციულ გაძღოლაში მხარდაჭერის კომპონენტი ყველაზე მნიშვნელოვანია.