ჰელსინკის საქალაქო ბიბლიოთეკა და მისი ფილიალები საინტერესო ექსპერიმენტს ატარებენ: მათ მკითხველებს შესთავაზეს რომ სპეციალური სანიშნეების გამოყენებით წიგნები სხვა მკითხველებს ანონიმურად ურჩიონ. სიახლის შესახებ The Mayor წერს.
ამ სანიშნეებზე გამოსახული იქნება ე.წ. „ღიმილაკები“, რომლებიც გამოხატავენ იმ გრძნობას, რომელიც კონკრეტულმა წიგნმა იმ ადამიანში გამოიწვია, ვინც ის უკვე წაიკითხა. მაგალითად: „ღრმა“, „დადებითი ემოციების გამომწვევი“, „გასაოცარი“, „სუფთა ჰაერი“.
წარსულში ბიბლიოთეკები ვიზიტორებს წიგნების შერჩევაში ეხმარებოდნენ, პროფესიონალი ექსპერტების, კრიტიკოსებისა და ცნობილი მწერლების რეკომენდაციებს ბეჭდავდნენ. თუმცა, ახლა გადაწყვიტეს რომ ეს პროცესი უფრო პირადი გახადონ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ადამიანები მეზობლების რეკომენდაციებს უფრო ენდობიან და სასურველი წიგნის შერჩევა ასე უფრო გაუადვილდებათ.
ექსპერიმენტი წლის ბოლომდე გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში ბიბლიოთეკა იმ მკითხველების გამოხმაურებებს შეაგროვებს, ვინც წიგნი მსგავსი მეთოდით შეარჩია.