„ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით არსებულ კონტექსტში ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, პოზიტიური შეფასება გააკეთოს“, – ამ განცხადებით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინკიმ უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ გამოინახება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზების, გვერდზე გაწევისა და სტიგმატიზების გარეშე.
„მე მესმის, რომ ეს მხოლოდ შეთავაზებაა, რომ ჯერ კიდევ უნდა იყოს დისკუსია, რომელიც რამდენიმე კვირის და შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გზა გამოინახება გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზების, გვერდზე გაწევისა და სტიგმატიზების გარეშე, რომლებიც ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში, მათ შორის, საქართველოში, რომელიც ადგას ევროპისკენ მიმავალ გზას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად აუცილებელია ყველა დემოკრატიისთვის, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოსთვის, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისთვის.
რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
„ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადება ძალიან ნათელი იყო. ეს განცხადება გავრცელდა ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენიდან მხოლოდ 24 საათში. სერიოზულად შეშფოთებული ვართ. გამჭვირვალობის შესახებ ლეგიტიმური შეშფოთება არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვისა და სტიგმატიზაციის საბაბი.
სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად აუცილებელია ყველა დემოკრატიისთვის, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოსთვის, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისთვის. უბრალოდ, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის არც ევროპული კანონი და არც ამერიკული კანონი.
მე მესმის შეშფოთება გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე მესმის, რომ არსებობს სხვა გზებიც გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ყველა ვემხრობით გამჭვირვალობას, მაგრამ ეს არ უნდა განხორციელდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამუშაოს შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ასრულებენ“. – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.