ჰერპესი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც კანსა და სხეულის ლორწოვან გარსებზე ახასიათებს სითხით სავსე ბუშტუკოვანი გამონაყარი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰერპესის ვირუსით მსოფლიოს მოსახლეობის 90 პროცენტია ინფიცირებული. ჰერპესი არის ინფექცია, რომელიც ბუდობს ადამიანის ორგანიზმში და პერიოდულად პატარა ბუშტუკებით ვლინდება სხეულის სხვადასხვა ადგილზე: პირისა და პირის ღრუს მიდამოზე, სასქესო ორგანოზე, თვალის გარშემო და სხვა. ჰერპესის ვირუსით ადამიანი ბავშვობის ასაკში ინფიცირდება. ჰერპესის გადადება ნერწყვის მეშვეობით ხდება. ამ დროს ადამიანს აღენიშნება ტკივილი ყლაპვის დროს, ცხელება, გადიდებული ლიმფური ჯირკვლები, უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, მადის და ენერგიის დაქვეითება. ინფიცირების შემდგომ ვირუსი რჩება ორგანიზმში და შესაძლებელია გამოიწვიოს ჰერპესისთვის დამახასიათებელი გამონაყარი ნებისმიერ დროს. შესაძლოა ადამიანი იყოს ვირუსის მატარებელი, მაგრამ საერთოდ არ გამოუვლინდეს გამონაყარი, ზოგს წელიწადში ორჯერ უმწვავდება ვირუსი. თუმცა შესაძლებელია ადამიანს თვეში ხუთჯერ გამოუვლინდეს გამონაყარი. ეს ადამიანის იმუნიტეტზეა დამოკიდებულია.

ჩვილებში უმეტესად ვითარდება მწვავე ჰერპესული სტომატიტი. ამ დროს ჩვილის ზოგადი მდგომარეობა უარესდება, იწყება მაღალი ტემპერატურა, შეიძლება აღენიშნებოდეს თავის ტკივილიც. ამ დროს პირის ლორწოვან გარსზე წარმოიქმნება ბუშტუკები, რომელთა ლოკალიზაცია შეიძლება იყოს ღრძილებზე, ლოყების ლორწოვან გარსზე, ენაზე და ტუჩების შიდა ზედაპირზე. პირის ღრუში ბუშტუკები მარტივად სკდება და მტკივნეული ეროზიები წარმოიქმნება. აღსანიშნავია, რომ ვირუსის ბოლომდე გაქრობა არ ხდება. ადამიანები ხშირად თვითმკურნალობას მიმართავენ, რაც უმეტეს შემთხვევაში არ არის ეფექტური და არ იძლევა შედეგს. სპეციალისტები ჰერპესს ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობენ, რომლებიც გამონაყარის ჩაცხრობას აჩქარებენ და ამცირებენ დაავადების რეციდივის რისკს. ამიტომ ჰერპესის არსებობის შემთხვევაში სასურველია მიმართოთ ექიმს. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალებაა წყალბადის ზეჟანგი. თუ უკვე გაქვთ ტუჩებზე პატარა ბუშტუკები, უმჯობესია წყალბადის ზეჟანგით დაიმუშაოთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ, საღამოს თქვენი სახე უკვე სუფთა იქნება. პროცედურა ცოტა მტკივნეულია, მაგრამ ეფექტური.

უკვე დაინფიცირებულმა ადამიანმა თავიდან რომ აიცილოს დაავადების განმეორებითი გამოვლინება, ამისთვის არსებობს ჰერპეტიკული ვაქცინა. ხოლო იმისთვის, რომ ადამიანმა თავიდან აიცილოს ჰერპესვირუსით დაინფიცირება, უნდა მოერიდოს პირველ რიგში ჰერპესის გამონაყარის მქონე ადამიანს, დაიცვას ჰიგიენის ნორმები და სისტემატურად იზრუნოს იმუნიტეტის ამაღლებაზე.