ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სოციალურ ქსელში მოიპოვა ფოტო, სადაც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, „ჰესბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი საიად ალ ბაჰაადია და ის თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე „მაკდონალდსთან“ პოზირებს. ამ დრომდე არ არის ცნობილი, არის თუ არა სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანი საიად ალ ბაჰაადი და არც ის, არის თუ არა ორივე ფოტოზე გამოსახული ერთი და იგივე ადამიანი.
ამასთან, ყაზახური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სირიიდან წამოსული ლტოლვილების ნაკადს ევროპაში ტერორისტებიც შეყვნენ, ამის დასამტკიცებლად ფოტოები განათავსეს და ერთ-ერთ ფოტოზე სწორედ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირია გამოსახული, რომელიც, „რუსთავი 2“-ის ცნობით, საქართველოში მყოფი „ჰესბოლას“ ლიდერია.
წყარო : www.diapazon.kz/
„მაკდონალდსთან“ მდგომი ადამიანის იდენტიფიცირება მოახდინეს თუ არა საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის. რადიო „ფორტუნა“ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურიდან ელოდება და მიღებისთანავე გაგაცნობთ.
ჰესბოლა ლიბანელ შიიტთა დაჯგუფებაა, რომელიც პოლიტიკურ და შეიარაღებულ ფრთას აერთიანებს. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 1980–იანი წლების პირველ ნახევარში, ისრაელის ლიბანში შეჭრის საპასუხოდ. „ვიკიპედიაში“ არსებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ, საფრანგეთი, კანადა, ავსტრალია და ჰოლანდია ტერორისტულ დაჯგუფებად მთლიანად ორგანიზაციას, ხოლო მხოლოდ სამხედრო ფრთას ევროკავშირი, ახალი ზელანდია და გაერთიანებული სამეფო მიიჩნევენ.
ჰესბოლა დაპირისპირებულია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ორგანიზაციის ლიდერი ჰასან ნასრალა ISIS-ის ქმედებებს ხშირად აკრიტიკებს.