LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიბრიდების რაოდენობის ზრდამ საწვავის მოხმარება შეამცირა

92

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2017 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 1095,8 ათასი ტონა, რაც 133,8 ათასი ტონით ანუ 10,9%-ით ნაკლებია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

“მათ შორის, 2017 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 532,6 ათასი ტონა (კლება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 43,6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 563,2 ათასი ტონა (კლება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 90,2 ათასი ტონით). ბენზინის საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წელს საქართველოში იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 386,7 ათასი ტონა ანუ 72,6%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 137,5 ათასი ტონა ანუ 25,8%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 8,4 ათასი ტონა ანუ 1,6%. ქვეყნების მიხედვით 2017 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 305,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 223,6 ათასი ტონა (20,4%), აზერბაიჯანი – 197,6 ათასი ტონა (18,0%), ბულგარეთი – 154,7 ათასი ტონა (14,1%), თურქმენეთი – 149,0 ათასი ტონა (13,6%); საბერძნეთი – 51,7 ათასი ტონა (4,7%), უკრაინა – 5,2 ათასი ტონა (0,5%)“, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მათივე განმარტებით, მართალია, საწვავის იმპორტი შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმავე პროცენტული მაჩვენებლით შემცირდა საწვავის მოხმარება, ვინაიდან 2016 წლის დეკემბერში განხორციელდა საშუალოდ 70 ათასი ტონით მეტი პროდუქტის იმპორტი წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც მოხმარებაში გავიდა უკვე 2017 წლის პირველ თვეებში. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, აღნიშნული დაკავშირებული იყო “საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან, რომელიც ეხებოდა საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდას.

“საწვავის მოხმარების შემცირება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში სწრაფად იზრდება ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა“, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g