H&M-ის პირველი მაღაზია თბილისში სამ სართულზე განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, სერბეთსა და საქართველოში, კლაუდია ოსვალდი ავრცელებს.
„ძალიან გვიხარია, რომ როგორც იქნა, საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით! ჩვენთვის დიდი პატივია, თბილისელ მოდის მოყვარულებსა და ჩვენს მომავალ მომხმარებლებს ახალი სტილის პოვნისა და რაციონალური შოპინგის საშუალება მივცეთ და მოდაში საკუთარი განაცხადის გაკეთებაში დავეხმაროთ“, – ამბობს კლაუდია ოსვალდი.
აღნიშნული ინფორმაცია ”ფორტუნამ” თანაინვესტირების ფონდშიც გადაამოწმა, სადაც ადასტურებენ, რომ H&M-ს თბილისში ნამდვილად სამსართულიანი მაღაზია ექნება. ცნობილი რითეილერის პირველი მაღაზიის კარი „გალერია თბილისში“, 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნება . სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული პირველი ქართული H&M მომხმარებლებს ტრენდულ სამოსს შესთავაზებს.
შეგახსენებთ, თავისუფლების მოედანზე, ყოფილი უნივერმაღის შენობაში, ახალი სავაჭრო ცენტრის ”გალერია თბილისის” გახსნა მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება. ცენტრში ქართულთან ერთად, მსოფლიო დონის ბრენდებიც შევლენ. მათ შორის ერთ-ერთი პირველი, შვედური ბრენდი H&M იქნება.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შვილობილ კომპანია „თბილისი პლაზასა“ და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს რითეილერ H&M-ს (Hennes & Mauritz) შორის ხელშეკრულება 2016 წლის ბოლოს გაფორმდა, რომლის თანახმადაც „გალერია თბილისში“ H&M-ის მაღაზია 2017 წელს გაიხსნება. H&M „გალერია თბილისისთვის“ პირველი რითეილერია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა.
თავად „გალერია თბილისი“ კი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $80 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს.