ჰობი, რომელიც საქართველოში ორი ულამაზესი და გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობის დასაბამი გახდა. მე-19 საუკუნის ულამაზესი სასახლე ბორჯომსა და თბილისში, რომელიც ირანის კონსულმა საქართველოში მირზა რეზა ჰანმა შეაქმნევინა.
„ბონ ვოიაჟი“ ამ შენობების შესახებ გიამბობთ.
ფირუზეს სასახლე
წარმოუდგენელია ბორჯომში მოხვდეთ და ამ შენობამ თქვენი ყურადღება არ მიიპყროს. პარკის წინ აგებული დახვეწილი და უნიკალური არქიტექტურისა და ორნამენტების ცისფერი შენობა სწორედ ისაა,რომელიც მირზა რეზა ხანის საზაფხულო დასასვენებელი სასახლე იყო.
კონსულის გარდაცვალების შემდეგ, უნიკალური არქიტექტურის სახლი სანატორიუმად გადაკეთდა. 2016 წლიდან კი სპარსი სპეციალისტების მიერ რესტავრირებული „ფირუზე“ ქსელური სასტუმრო გახდა. როგორც თავად უთქვამს, მას საზაფხულო სახლის ასაგებად ბორჯომი ვაჭრებმა ურჩიეს, როგორც კარგი მომავლის მქონე საკურორტო ზონა, რაშიც ნამდვილად არ შემცდარან. აღსანიშნავია, რომ თავიდანვე ეს შენობა სასტუმროდ აშენდა, ხოლო სააგარაკე სახლი მას ბორჯომშივე სხვა ნაკვეთზე ჰქონდა, რომელიც დღეს შემორჩენილი აღარაა. 1892 წელს აშენებული ფირუზეს სასახლე გულმოდგინედაა რესტავრირებული ქართველი და უცხოელი რესტავრატორების მიერ. თაღი, რომელიც სასახლის შესასვლელს ამშვენებს და საოცარი არქიტექტურული ნიმუშია, თავის დროზე მირზა რეზა ხანის მიერ ისპაჰანიდან მოწვეულმა არქიტექტორებმა ააგეს, ხოლო შემდგომში მისი რესტავრაცია ირანიდან სპეციალურად მოწვეულმა რესტავრატორებმა მოახდინეს.
ალმასის სასახლე
მეორე სასახლე სპარსეთის კონსულის სახლია ჭონქაძის ქუჩაზე, ქალაქ თბილისში. ამ სახლში,რომელიც ადრე სპარსეთის საკონსულო იყო, სპარსეთის ელჩი – მირზა-რიზა-ხანი ცხოვრობდა. საქართველოში საგანგებოდ ჩამოყვანილი ირანელი ოსტატების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად შენობამ აღმოსავლური სახე მიიღო და სადარბაზოს კარსა და შენობის ფასადზე ირანული წარწერები და სპარსული სიმბოლოები გამოისახა. სასახლის კარზე მფლობელის სახელია გრავირებული.
სადარბაზო უჩვეულო, ოვალური ფორმისაა და განსაკუთრებით მისი ჭერი იქცევს ყურადღებას. ლამაზად ამოჭრილი, მოჩუქურთმებული თაღიდან მზის სხივები შენობაში საოცრად აღწევს და ჯადოსნურ გარემოს ქმნის. სადარბაზოსა და შენობის ერთ ოთახში უვნებლადაა შემორჩენილი ჭერის უნიკალური მორთულობა, სადაც კერამიკაზე დახატული არც ერთი პეიზაჟი და თაიგული არ მეორდება. თბილისში ჭერის ამგვარი მოხატულობა სხვაგან არსადაა წარმოდგენილი.
და ბოლოს, ცოტა რამ თავად მირზა რეზა ხანის ცხოვრებაზე საქართველოში.
მირზა რეზა ხანი საინტერესო ბიოგრაფიის მქონე, საოცრად განსწავლული ადამიანი იყო. მისი მემუარებიდან ვიგებთ, რომ მისი ოჯახი, თავრიზიდან საქართველოში გადმოსახლდა. 1876-1878 წლებში მან რამდენიმე უცხო ენა და სხვადასხვა მეცნიერებები თბილისის შიიტურ სასწავლებელსა და მადამ სტასულევიჩის ფრანგულ პანსიონში შეისწავლა. თბილისშივე დაიწყო მისი პროფესიული კარიერაც, როდესაც ირანის მაშინდელი კონსულის, მაჰმუდ ხან დიბას ინიციატივით, მან კურიერად დაიწყო მუშაობა. სულ მალე ჯერ თარჯიმნის, შემდეგ კი კონსულის თანაშემწის თანამდებობაზე დაწინაურდა. ბოლოს კი კონსულის თანამდებობაზე დაინიშნა. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ 1933 წელს მირზა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი.