27 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მწერალი დათო ტურაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ყველაზე აქტუალურ თემაზე კორონავირუსზე და პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა.
– ბატონო დათო, თქვენი აზრით, რა შეიცვალა პანდემიის შემდეგ მსოფლიოში?
– ძალიან რთულია განსჯა, როგორ შეიცვალა სამყარო, რადგან ყველა ადამიანი ინდივუდუალურია და ცვლილებებსაც ინდივიდუალურად განიცდის.
– თქვენ როგორ შეეგუეთ თვითიზოლაციას?
– პანდემიის დროს ჰოლანდიაში ვიყავი, არაჩვეულებრივი პროგრამა მქონდა ამსტერდამის უნივერსიტეტში, თუმცა უნივერსიტეტი დაიხურა და მეც იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი. რა თქმა უნდა, მსგავს სიტუაციაში ყველა პირველად აღმოვჩნდით და ძალიან გაგვიჭირდა, სამაგიეროდ უამრავი დრო გაგვიჩნდა საინტერესო წიგნების წასაკითხად. ვფიქრობ, მთავარი არსებული სიტუაციის სასარგებლოდ გამოყენების უნარია, რადგან ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენაში შეიძლება პოზიტიურის პოვნა. პირადად მე არა მხოლოდ ახალი, ძველი და საყვარელი წიგნებიც სიამოვნებით წავიკითხე. თუმცა, ძალიან გამიჭირდა ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე, ლექციებს ონლაინ ვკითხულობ და სამწუხაროდ იმ ენერგიას ვეღარ ვიბრუნებ, რომელსაც შეჩვეული ვარ და ყოველთვის ძალიან მჭირდება. ძალიან მიყვარს საქარველოში მოგზაურობა, თითქოს არ დარჩა სოფელი, სადაც არ ვყოფილვარ, პანდემიამ კი, ამის საშუალებაც წარმართვა. აუცილებლად მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ექიმებს. პროფესიონალების მოძიება ზოგადად რთულია ჩვენს ქვეყანაში, მედიცინის სფეროში კი, რამდენიმე ისეთი უნიკალური, მსოფლიო დონის სპეციალისტი აღმოჩნდა, რომელთაც სერიოზული კატასტროფისგან გვიხსნა.
– ახალი ინტერესები და ახალი უნარები ხომ არ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?
– ახალ ჩამოსულს შვილებმა ლეკვი დამახვედრეს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრი, ჩემი წიგნების ახალი პერსონაჟიც გახდა. საოცარ სამყაროში აღმოვჩნდი, ყველაზე მეტად სწორედ ლეკვი დამეხმარა თვითიზოლაციის დისკომფორტის დაძლევაში. სიმართლე ვთქვა, მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა, ასე ძალიან თუ შეიძლებოდა ძაღლის სიყვარული.
– კარანტინის პერიოდში რაიმე ახლის შექმნის იდეა ხომ არ გაგიჩნდათ?
– ჩემი ბოლო წიგნის „ღვინის სამშობლო – საქართველო“ გამოსვლა იგეგმებოდა, გარკვეული დროით გადაიდო, თუმცა შაბათს შედგება მისი ონლაინ პრეზენტაცია. წიგნი უკვე გამოიცა ინგლისურ ენაზე, რაც ძალიან მახარებს, რადგან მინდა მსოფლიოს გავაგებინო, ვინ ვართ და რამდენად დიდი სიმდიდრე გვაქვს ქართული ღვინის სახით. სხვათა შორის, მალე წიგნების ფესტივალიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართება. ეტაპობრივად ალბათ ბევრი რამ გადაინაცვლებს ვირტუალურ სივრცეში და ერთგვარად შეცვლის აქამდე არსებულ ყველა ტიპის სანახაობას. ახლა ახალ რომანზე ვმუშაობ, რომელიც 1990-იან წლებს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს აღწერს.