„არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია შეზღუდვების სისტემის შემუშავებაში; მხოლოდ გავეცანი მზა ვერსიას. გადაწყვეტილების მიღება კონკრეტული დეტალების შესახებ იყო და არის ქვეყნის ხელმძღვანელობის პრეროგატივა“, – ამერიკელი ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რადგან მასმედიაში სამთავრობო სხდომებში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცა ვრცელდება, თავს ვალდებულად მიიჩნევს, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთოს.
გურული წერს, რომ არ შეუცვლია კრიტიკული შეხედულებები საქართველოში ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით და მისი ყველა წინანდელი განცხადება ძალაში რჩება.
„არ ვარ და არც ვიქნები ქვეყნის ტოტალური ჩაკეტვის, ე.წ. „ლოქდაუნის“ მომხრე და მიმაჩნია, რომ საქართველოს განუვითარებელ ეკონომიკას „ლოქდაუნი“ ისეთ გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს, მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა შორეულ პერსპექტივაში, აღმატებული იქნება ეპიდემიით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე.
საქართველოს მთავრობისაგან ოფიციალურად მიღებულ, ობიექტურ ინფორმაციაზე, ასევე ჩემთვის ცნობილ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით; სოციალური ქსელებიდან და პირადი კონტაქტებით მიღებული მონაცემებით და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორი ამჟამად იმყოფება არსებული ტევადობის ამოწურვის ზღურბლზე; მიმაჩნია, რომ აუცილებელია შეზღუდვების დროებითი, მიზანმიმართული გამკაცრება, რათა დაავადების გავრცელების ტემპი შემცირდეს“, – წერს ის.
ექიმი ფიქრობს, რომ სამეცნიერო ლიტერატურასა და პანდემიის გავრცელების მათემატიკურ მოდელებზე დაყრდნობით, დაავადების გავრცელების უკონტროლოდ მიშვება, უახლოეს პერსპექტივაში, საქართველოში გამოიწვევს ადამიანთა მსხვერპლის მკვეთრ ზრდას, რომლისგან გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ეფექტები დამანგრეველი იქნება მთელი ქვეყნისათვის.
„მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სფეროს მაქსიმალური, ეფექტური ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის გარეშე კრიზისული სიტუაცია გაგრძელდება ძალიან დიდხანს, რაც შესაბამის გავლენას მოახდენს როგორც საერთო სიკვდილიანობაზე, ასევე ეპიდემიით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობაზე“, – აღნიშნავს გურული.
მიმართვის ბოლოს კი წერს, რომ როგორც ადამიანი, მოქალაქე და პროფესიონალი ექიმი, მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ეროვნულ პოლიტიკურ ძალასთან, იქნება ეს მთავრობა თუ ოპოზიცია, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას.