„ჩვენ შეგვიძლია, შენი ამბავი ბევრ ადამიანს მოვუყვეთ, მათი სურვილები კი შენს საკომუნიკაციო უპირატესობად ვაქციოთ“ – ასეთი ტექსტით ეგებება ვიზიტორებს ვებგვერდი Hostship.ge, რომელიც ქართული სტუმარმასპინძლობის სექტორის მხარდამჭერ მრავალფუნქციურ პლატფორმას წარმოადგენს. ის ორი წლის წინ შეიქმნა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების განვითარებასა და მის ფართო გავრცელებას.
ანა ჭინჭარაული, Hostship.ge-ის დამფუძნებელი:
– „ჰოსთშიფის“ შექმნის იდეა ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გაჩნდა – დაახლოებით, 10 წელია, რაც სტუმარმასპინძლობის სფეროში ვსაქმიანობ, შესაბამისად, ჩემთვის თვალსაჩინო იყო ის საჭიროებები, რომლებიც ამ მიმართულებით, განსაკუთრებით რეგიონში არსებობდა.
„ჰოსთშიფი“ გახლავთ ორენოვანი და მას ორი ძირითადი მიმართულება აქვს: ონლაინ მედია პლატფორმა და მარკეტინგული აუთსორს სერვისი.

ონლაინ მედია პლატფორმა წარმოადგენს ერთგვარ საინფორმაციო ჰაბს და ერთნაირად გამოსადეგია როგორც მასპინძლებისთვის, ისე სტუმრებისთვის, ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც სტუმარმასპინძლობის სფეროს სხვადასხვა მომსახურებით, თუ პროდუქტით ამარაგებს. ამ მიმართულებით პლატფორმაზე თავსდება ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით არსებული სასტუმროების, კოტეჯების, კვების ობიექტების ან სხვა ტურისტული სერვისის შესახებ. პლატფორმა ამ ობიექტების მფლობელებს აძლევს საშუალებას, წარმოაჩინონ საკუთარი საქმიანობის უნიკალურობა, ის ღირებულებები და ყოველდღიური შრომის შედეგები, რომლებიც ქართულ სტუმარმასპინძლობას განსაზღვრავს.
ვთქვათ, თუ სასტუმროს მფლობელი მოგვმართავს, შეგვიძლია დავწეროთ სტატია, გადავიღოთ ფოტო-ვიდეო მასალა. ეს ინფორმაცია თავსდება როგორც ჩვენს ვებგვერდზე, ისე სოციალურ ქსელებში (ცხადია, ამ მასალის გამოყენება დამკვეთებს საკუთარ პლატფორმებზეც შეუძლიათ). მასპინძლის სტატუსის მქონეთ, ჩვენი მეშვეობით, ასევე შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია, მაგალითად, პროდუქტის შესყიდვის, კონკრეტული მომსახურების თაობაზე და სხვა. ანუ „ჰოსთშიფი“ არის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, რათა გაუმარტივდეთ ყოველდღიური ოპერაციები.
– რამდენად კარგად ხედავს ეს სექტორი მსგავსი სერვისის მიღების საჭიროებას?
– მტკივნეული საკითხია, თუმცა მოთხოვნა არ გაჩნდება, თუ არ იქნება მიწოდება. თბილისის მასშტაბით ბევრი სერვისი არსებობს და აქ შედარებით კარგად გვაქვს საქმე, მაგრამ რეგიონში ბევრი კარგი სასტუმრო, ბევრი კარგი კვების ობიექტია, რომლებზეც საზოგადოებას წარმოდგენა არ აქვს. როცა მათ შესახებ სამეგობრო წრეში ვაზიარებდი ინფორმაციას და კარგი უკუკავშირი მიბრუნდებოდა, მივხვდი, რომ ეს ინფორმაცია მართლაც საჭირო იყო და მას სხვა ფორმა უნდა ჰქონოდა, უფრო მეტ ადამიანს რომ გაეგო. შესაბამისად, რეგიონში არსებულ ობიექტებთნ დავიწყე აქტიური კომუნიკაცია, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის სათანადო მზაობა ასეთი მომსახურების მიღების. ამის სურვილი მაშინ ჩნდება ხოლმე, როდესაც კონკურენტი იწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ცნობადობის გასაზრდელად. ჯერჯერობით ეს პროცესი თვითდინებით მიდის. ვცდილობ, ამ თვითდინებას დავასწრო და გავაცნო ჩვენი მომსახურება, ავუხსნა, რამდენად ღირებულია ის მათთვის, რადგან ჩემი მთავარი მიზანია, აიწიოს მომსახურების ხარისხი საქართველოში და როგორც ადგილობრივი დამსვენებლები, ისე საერთაშორისო მოგზაურები უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებულნი ქართული სტუმარმასპინძლობის სფეროში მოქმედი ობიექტებისა და სერვისების შესახებ.

– უფრო კონკრეტულად, რა ტიპის ინფორმაციას მოიპოვებს დამსვენებელი თქვენს პლატფორმაზე?
– უპირველესად, აღვნიშნავ, რომ ვებგვერდი ნელ-ნელა ივსება ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმა ტექნიკურად უკვე სრულად არის გამართული. რაც შეეხება ინფორმაციის ტიპს, მაგალითად, მას შემდეგ, რაც საძიებო ველში თქვენთვის საინტერესო რეგიონს ჩაწერთ, მოიპოვებთ ინფორმაციას იქ არსებული ტურისტული სერვისების შესახებ, იქნება ეს სასტუმროები, კოტეჯები, კვების ობიექტები, იმ კუთხისთვის დამახასიათებელი მასტერკლასები, სად შეიძლება გაერთო და ა.შ. მინდა, რომ „ჰოსთშიფი“ ყველა მოგზაურს ინფორმაციის მთავარ წყაროდ, გზამკვლევად ეგულებოდეს.
– რაც შეეხება პლატფორმის მეორე მიმართულებას – მარკეტინგულ აუთსორს სერვისს, კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობთ დამკვეთებს?
– იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონი ბიუჯეტის თვალსაზრისით მოქნილი ვერ არის, რადგან მუშაობა უმეტესად სეზონურია, კომპლექსური პაკეტი გავაკეთე იმ საბაზისო მომსახურებებით, რაც, ასე ვთქვათ, „დავარცხნილ“ ობიექტს უნდა ჰქონდეს. გვაქვს გრძელვადიანი და მოკლევადიანი მომსახურება, შეგვიძლია კონკრეტული მიმართულებითაც თანამშრომლობა, იქნება ეს მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, მხოლოდ კონტენტის შექმნა, ფოტო-ვიდეო გადაღება, სოციალური ქსელების მართვა, მეტარეკლამირება, თემატური კამპანიებისა და ღონისძიებების დაგეგმვა/შესრულება, ჯავშნის პლატფორმებზე რეგისტრაცია და ა.შ. სხვათა შორის, ჩვენი მომსახურების მიმართ ინტერესი გაიზარდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე რეგიონში სხვადასხვა ობიექტთან წარმატებით ვითანამშრომლეთ. მხოლოდ წაგადგება იმის გაცნობიერება, რომ თუ სწორად არ გაავრცელებ ინფორმაციას საკუთარი ობიექტის უპირატესობების შესახებ, თუ კონკურენციაში არ შეხვალ, თუ ფეხს არ აუწყობ ვირტუალურ სამყაროს, მცირეა იმის შანსი, რომ ვინმემ თავისით მოგაგნოს.

– დამკვეთების ტრადიციულ მედია საშუალებებში პოზიციონირებასაც თუ მოიაზრებს თქვენი მარკეტინგული სტრატეგიები?
– რა თქმა უნდა. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ტიპის დამკვეთი გვყავს და მოთხოვნები მრავალფეროვანია, მარკეტინგული გეგმის გაწერის დროს ყოველთვის ვითვალისწინებთ ტრადიციულ მედიასაც, რადგან ჩვენი მომხმარებელი ყველგან არის. რაც უფრო მეტი არხით იქნება გავრცელებული ჩვენი ინფორმაცია, მით უფრო წარმატებული იქნება კამპანია.
– „ჰოსთშიფის“ მეშვეობით კიდევ უფრო ინტენსიურად აკვირდებით სტუმარმასპინძლობის სფეროში მიმდინარე პროცესებს. კონკრეტულად ამ ორი წლის განმავლობაში, რა შეიცვალა უკეთესობისკენ და რა რჩება დიდ გამოწვევად?
– უკეთესობა ნამდვილად გვაქვს, რადგან რეგიონებში არსებულმა ობიექტებმა დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ უკეთ პოზიციონირებდნენ ბაზარზე (რაშიც ნამდვილად არის ჩვენი პლატფორმის წვლილიც). ეს, ცხადია, ხელს უწყობს მათ მიმართ ნდობის ზრდას. რაც შეეხება გამოწვევას, ჩემს სფეროს თუ ცოტა გავცდები, რეგიონის მთავარ პრობლემად კვლავ ინფრასტრუქტურა რჩება, მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, რადგან ქართული სტუმარმასპინძლობა და ტურიზმი რეალურად რეგიონებზე დგას, მხოლოდ თბილისზე ფიზიკურად ვერ იქნება ორიენტირებული. უშუალოდ დამკვეთების გამოწვევად კი რჩება მარკეტინგული მომსახურების ბუნდოვანება, ამ სერვისის გამწევთა მიმართ უნდობლობა, თუმცა დღეს უფრო მეტი მზაობა აქვთ, მოგისმინონ და იფიქრონ შენს შეთავაზებაზე, ვიდრე ორი წლის წინ.
– როგორ აპირებთ პლატფორმის კიდევ უფრო განვითარებას?
– ამ ეტაპზე ჩემი მთავარი საზრუნავი ინფორმაციის რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიწოდება და საიტის საჭირო მასალით დატვირთვაა. სამომავლოდ, თუ ყველაფერი კარგად იქნება, მინდა ამოქმედდეს აპლიკაციაც, რომელიც ბევრად უფრო ფუნქციური იქნება, ვიდრე ვებგვერდი, სადაც უბრალოდ ინფორმაციას ეცნობი.