30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები დავით ნინიაშვილი და ნიკა აბულაძე სოციალურ ქსელში ეხმიანებიან.
პოლიციამ პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვა – არიან დაშავებულები
„არა ძალადობას, არა რუსეთის მონებს“, – წერს ნიკა აბულაძე და საქართველოსა და ევროკავშრის დროშებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების ფოტოებს აქვეყნებს.
დავით ნინიაშვილი ევროინტეგრაციის და კანონპროექტის მოწინააღმდეგეების მხარდაჭერ ვიდეოს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს – ვიდეოკოლაჟი აერთიანებს კადრებს, რომლებიც თბილისში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე აქციებზეა გადაღებული.
მიმიდნარე მოვლენებთან დაკავშირებით, „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე სთორის აქვეყნებს მორაგბე სოსო მათიაშვილიც.
ცნობისათვის, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამ,ჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ასევე გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.
უწყების ცნობითვე, გასულ ღამეს აქციაზე სამართალდამცველებმა 63 პირი დააკავეს. შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.