5 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ია ჩანტლაძე სტუმრობდა, რომელმაც შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მსმენელს სიმღერის „არ მიყვარხარ“ ახალი ვერსია წარუდგინა. გადაცემის სტუმარმა თავის კარიერაზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
ია, მომღერლობასთან ერთად იყავი რადიო წამყვანიც, თუმცა დიდი პოპულარობის შემდეგ შემოქმედებითი პაუზა გქონდა, რამდენად მარტივი იყო ამ ყველაფრის დათმობა?
მარტივი არ ყოფილა და ჩემი ნებითაც არ დამითმია, ასე თავისით გამოვიდა. ძალიან მიყვარს რადიოც და ის წლებიც, როცა აქტიური ვიყავი. 90-იანი წლები ძალიან ნაყოფიერი იყო, დიდი მოტივაცია, სურვილი და კონკურენცია იყო, მგონია, რომ მაშინ ჩაეყარა საფუძველი შოუბიზნესს. ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი დრო იყო, კვირა არ გავიდოდა, რომ კლიპის პრეზენტაცია ან კონცერტი არ ყოფილიყო. სამწუხაროდ, არა მარტო მე, ბევრი ჩემი თაობის მომღერალი რაღაცნაირად გაქრა სცენიდან. მაგალითად, მე სხვა პროფესიით წავედი და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით განვაგრძე ჩემი საქმიანობა. სწავლა, ოჯახი, შვილები და რაღაცნაირად ვეღარ გამოვძებნე დრო სცენისთვის და მუსიკისთვის და ყველაზე მეტად მუსიკა დამეჩაგრა, რაზეც ძალიან მწყდება გული. ხელოვნება ხელოვანი ადამიანისთვის არ იკარგება, გამოცდილება და სათქმელი გროვდება და თუ იქნება მერე საშუალება, ეს სხვანაირად გადმოიცემა. ზუსტად ასე მოხდა სიმღერის „არ მიყვარხარ“ შემთხვევაშიც. პირველად 25 წლის წინ ჩაიწერა ეს სიმღერა.
როგორია სიმღერის „არ მიყვარხარ“ ისტორია?
დიდი საერთაშორისო ფესტივალი ტარდებოდა სომხეთში და იქ მინდოდა მონაწილეობის მიღება. ამისთვის მივედი პეკესთან და ვუთხარი, რაც გაქვს დაწერილი, ყველაფერი მომასმენინე-მეთქი. ჩამიწერა პეკემ კასეტაზე და მითხრა, მოუსმინე, აარჩიეო. 15-20 სიმღერა მოვისმინე და მივხვდი, რომ არცერთი არ იყო ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძალიან კარგი იყო. პეკეს ვუთხარი, ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემი სიმღერა ვერ ვნახე და იქნებ კიდევ გაქვს რამე-მეთქი. პეკემ მითხრა, კი, მაქვს კიდევ ერთი სიმღერა, რომელიც ბიჭის სამღერია და ამიტომ არ მიფიქრია, რომ ჩამეწერაო. რომ მომასმენინა და ვუთხარი, ეს არის ჩემი სიმღერა, გამატანე, ჩაგიწერ შავ ვერსიას და შენ თუ ჩათვლი, რომ მე არ უნდა ვიმღერო, მაშინ ვინმე ბიჭს მიეცი-მეთქი. ჩავუწერე და პეკე, რა თქმა უნდა, დათანხმდა, რადგან ეს ნამდვილად ჩემი სიმღერა იყო. ის პოპულარობა, რაც მე ამ სიმღერამ მომიტანა, სრულიად მოულოდნელი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კარიერა ამ სიმღერამ განსაზღვრა. სასაცილო ის იყო, რომ ჩემი ვიზუალი არავის ნანახი არ ჰქონდა, არავინ არ იცოდა, ვინ მღეროდა ამ სიმღერას და რადიოთი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხალხი ითხოვდა, დაგვანახეთ, ვინ მღერისო. პირველი კლიპი მართლა იძულების წესით გაკეთდა, გამოსავალი აღარ იყო, რაღაც ვიზუალი უნდა ყოფილიყო. მამუკა ბერიკამ დამირეკა და მითხრა, მოდი და გაიარ-გამოიარე მაინც, რომ რაღაც კადრი ავიღოთ და სიმღერას დავადოთ, ხალხმა იცოდეს, ვინ ხარო.
როგორი რეაქცია მოჰყვა შენს თავიდან გამოჩენას?
რატომ არ ჩანხარო, რომ მეუბნებიან, სულ აღვნიშნავ, რომ მე ძალიან მაქსიმალისტი ვარ და ძალიან მაღალ სტანდარტებს ვუყენებ ჩემს თავს. ძალიან ბევრ ჟურნალისტს, გადაცემას ვეუბნები უარს და ამიტომ არ ვჩანვარ. უბრალოდ გამოჩენაზე არ არის ჩემთვის. ახალი ვერსია აბსოლუტურად ლაივია, „ღამის შოუს“ ვერსიაა. არც ვაპირებდი, რომ ამ სიმღერისთვის ასეთი სახით მიმეცა ახალი სიცოცხლე, ეს უბრალოდ ამ შოუსთვის გაკეთებული ერთჯერადი ვერსია იყო. იმხელა გამოხმაურება მოჰყვა და იმდენი ადამიანის პოზიტიური განწყობა დავინახე, რომ ამდენს ნამდვილად არ ველოდი.
ამ ყველაფერმა სტიმული თუ მოგცა, რომ კიდევ შექმნა რაიმე ახალი?
კი, სტიმული ნამდვილად მომცა. ვნახოთ, რაღაც იდეები მაქვს და რაც მთავარია, მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ გამოვჩნდე და რაღაც ახალი გავაკეთო. მაგალითად, მოფიქრებული მაქვს სიმღერის „წვიმა გეტყვის“ ახალი ვერსია.
ახლა ძირითადად რა საქმიანობით ხარ დაკავებული?
ვარ სასტუმროების ბიზნესში. ამჯერად თბილისის ძველ უბანში ვაშენებ ძალიან მაღალი კლასის სასტუმროს და თავიდან ბოლომდე ამაში ვარ ჩართული.
ოჯახი როგორ შეხვდა სცენაზე შენს თავიდან გამოჩენას?
ჩემი შვილები ძალიან ბედნიერები არიან, 100-ჯერ გადამახვევინეს გადაცემა.
ია ჩანტლაძე – არ მიყვარხარ (Remake 2023)
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ია ჩანტლაძე. ვიდეო კოლაჟი