„მე მოთამაშე ვარ, ტოტალიზატორში მოგებული ფულით უნივერსიტეტში სწავლის გადასახადიც გადამიხდია – რა არგუმენტაცია არსებობს იმისა, რომ ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს თამაში აუკრძალო?“– ამ კითხვით „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების საკითხზე მომხსენებელ დეპუტატს, დავით სონღულაშვილს მიმართა.
როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ადამიანი მოთამაშე არსებაა და თამაშით სწავლობს „შეცდომის დაშვების მნიშვნელობას, წაგების ტკივილს და მოგების სიხარულს“.
„დღეს ამ დარბაზში, არიან მედიის წარმომადგენლები, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ჩემი კოლეგები, მაგრამ მე ვერ ვხედავ ჩემნაირი, მოთამაშეები ადამიანების წარმომადგენლებს. მე მოთამაშე ვარ. სულ, მთელი ცხოვრება ვთამაშობდი, სხვადასხვანაირად, ისევე როგორც ბევრი ადამიანი, ჩემი კოლეგა. ვთამაშობდი ყველაფერს – დაწყებული იქიდან, რომ ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი „მაზიანზე“, აქედან მოყოლებული „პოკერიც“ მითამაშია და ტოტალიზატორში მოგებული ფულით უნივერსიტეტში სწავლის გადასახადიც გადამიხდია. მე ამას ვაკეთებდი უნივერსიტეტის დროს, მანამდეც – ბავშვობიდან ფაქტობრივად.
ზოგადად, ადამიანი მოთამაშე არსებაა. ჩვენ თამაშით ვსწავლობთ – შეცდომის დაშვების მნიშვნელობას ვსწავლობთ, წაგების ტკივილს ვსწავლობთ, მოგების სიხარულს ვსწავლობთ. ზოგადად, ადამიანებისგან, ვისაც ამ პოზიციის დაცვა ევალება, ისე იყო საუბარი, თითქოს საბოდიშოა, რომ ადამიანები თამაშობენ. ეს დაახლოებით როგორია იცით?! – მეღვინეობა რომ იყოს დასაძრახი რამდენიმე ლოთის გამო. რატომ მიკრძალავთ თამაშს და რატომ ამიკრძალავდით 21 წლის ასაკში, როდესაც საჯარო მოსამსახურე ვიყავი. რა არგუმენტაცია არსებობს იმისა, რომ ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს თამაში აუკრძალო?“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.