პარტია „გირჩი“ ლიდერი და დეპუტატი, იაგო ხვიჩია მოუწოდებს ოპოზიციას – თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისში, საერთო კანდიდატს ნუ დააყენებენ. მისი აზრით, ეს წაგების ფორმულა და „ქართული ოცნების” თამაშია.
დეპუტატის შეფასებით, დღევანდელი მოცემულობით, მმართველი გუნდის კანდიდატი – კახა კალაძე ფავორიტია, თუმცა, მისივე აზრით, ეს შესაძლოა, ასე არ იყოს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია სწორ სტრატეგიას შეარჩევს.
„ალბათ, მოცემულ სიტუაციაში ნიკა მელია შესაფერისი კანდიდატია ამ ბრძოლისთვის, თუმცა ამ წუთას, მას არ აქვს ლიდერის პოზიცია. მთელ ოპოზიციას მოვუწოდებთ, დედაქალაქში საერთო კანდიდატს ნუ დააყენებენ, რადგან ეს არის წაგების ფორმულა და „ქართული ოცნების“ თამაში.
თუ პირველ ტურში მხოლოდ ორი კანდიდატურა იქნება – ნიკა მელია და კახა კალაძე, დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში კახა კალაძე მოიგებს და ეს ისტორია მორჩება.
სჯობს, პირველივე ტურში რამდენიმე კანდიდატი იყოს და ბრძოლა გადავიდეს მეორე ტურში, თუ მეორე ტურში იქნება სიტუაცია, რომ 43 პროცენტი არ ექნება „ქართულ ოცნებას“ და ახალი არჩევნები დაინიშნება, ეს შანსს გააჩენს, რომ კახა კალაძეს მოუგო”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, ვის წარადგენს გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის მერობის კანდიდატად. “ფორტუნას” ინფორმაციით, ის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება.
