LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: საპარლამენტო უმცირესობის ის წარმომადგენლები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, „შატალოზე“ იმყოფებიან

65
იაგო ხვიჩია

„საპარლამენტო უმცირესობის ის წარმომადგენლები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, „შატალოზე“ იმყოფებიან,“– ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მისასალმებელია, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ „ლელო“ ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება.

„ვულოცავ მათ ამ დიად წარმატებას და მოხარული ვარ, რომ ჩვენი კოლეგები ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში. მიხარია, რომ ჩემი კოლეგები ნელ-ნელა წყვეტენ ბოიკოტს. ეს აჩენს შანსს, რომ საპარლამენტო საქმიანობაც კი დაიწყონ და პარლამენტში რაღაც სხვაც მოხდეს გარდა „ნაცების“ და „ქოცების“ ხელჩართული ჩხუბისა.

გულწრფელად ვამბობ, არ ვფიქრობ იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს შეწყვეტს. ძალით ხალხის ტარება პარლამენტში და ძალით მუშაობა, მგონი, არ შეიძლება. მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ჩემს კოლეგებს პარლამენტში შემოსვლის დღიდან მუშაობა არ უნდათ და სხვადასხვა მიზეზს ეძებენ, რომ პარლამენტში არ იარონ.

ეს რაღაცნაირი ტიპის „შატალოა“, რომელსაც ბოიკოტს ეძახიან, იქიდან გამომდინარე, რომ კომიტეტის სხდომას ესწრები, მხარს უჭერ – პლენარულ სხდომაზე არ შედიხარ, როცა მოგწონს -დადიხარ, როცა არ მოგწონს – არ დადიხარ. არ მესმის ეს, ცოტა უცნაური ბოიკოტია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ლელომ“ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი უკვე შეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ბოიკოტირების მიზეზად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინკაში არგადაყვანას ასახელებდა და ამ ფორმით პროტესტს გამოხატავდა.

ბოიკოტის მიუხედავად, ენმ საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g