29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტთან დაგეგმილ სახალხო შეკრებას, პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია ეხმიანება.
იაგო ხვიჩიას შეფასებით, „თუ პოლიტიკოსებმა ხელი არ შეუშალეს, „რუსული კანონის” მოწინააღმდეგეები აღნიშნულ აქციას თავის ჭკუაზე გადაიყვანენ“.
„არც ერთი ადამიანი, რომელიც რეგიონიდან არის ჩამოყვანილი, არ არის იმ მოტივაციით, რა მოტივაციითაც ადამიანები „რუსულ კანონს” აპროტესტებენ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებს ვურჩევდი, რომ საქართველოს მოსახლეობას ხელი არ შეუშალონ 29 აპრილის, „ქოცური” აქციის რეფორმირებისთვის, რადგან ძალიან დიდი შანსია, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც აქ „ქოცები” შეკრებენ, გამოვიდნენ და „არა რუსულ კანონსო“ მოითხოვონ, ამის იმედი მაქვს. ხალხი, რომელიც აქციაზე მოდის, არ მოდის იმისთვის, რომ თქვას „კი, რუსულ კანონს”, ისინი მოდიან იმისთვის, რომ მთავრობამ დაავალა და დაემუქრა, რომ სამუშაო ადგილს დაკარგავენ“, – თქვა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩია ასევე მიმართავს მოქალაქეებს, რომლებიც, მისივე სიტყვებით, „პუტინის კანონის“ მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ და მათ ურჩევს: ფული ყველასგან აიღონ, საბოლოოდ კი „გირჩის“ საარჩერვნო ნომერი – 36 შემოხაზონ:
„საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების” ისეთ ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის“ მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ. მე გულწრფელად მეცოდება ეს ხალხი და პირობას ვდებ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ჩვენს საჯარო მოსამსახურეებს ამას არასდროს არ გავუკეთებ. რა თქმა უნდა, სამსახურის დაკარგვას ვერავის ვურჩევ, მაგრამ ერთ რამეს ვეტყვი: აიღეთ ყველასგან ფული, საბოლოოდ კი 36 შემოხაზეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„იმედი“: 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება