პირველი იანვრიდან საპენსიო ფონდში ყველა ავტომატურად ერთვება – ყველა დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეს და ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რეზიდენტს, რომელსაც აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება და მუშაობს, ხელფასიდან 2% ჩამოეჭრება.
საპენსიო რეფრმაში ავტომატურად მხოლოდ ისინი არ ერთვებიან, ვისაც კანონის მიღების დღემდე (2018 წლის 6 აგვისტომდე) საპენსიო ასაკი შეუსრულდა (მამაკაცებს 65 წელი, ხოლო ქალებს -60).
მათ სქემაში გაწევრიანება ნებაყოფილობით, თავიანთი დამსაქმებლებისთვის მიმართვის საფუძველზე, ან თუ არიან თვითდასაქმებული, ამ შემთხვევაში, პირდაპირ სააგენტოს სისტემაში რეგისტრაციის საშუალებით შეუძლიათ.
რეფორმა ერთ თვეში იწყება, თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა მის შესახებ არ იცის. „ფორტუნა“ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს ლევან სურგულაძეს ესაუბრა და არსებულ კითხვებზე პასუხები სწორედ მისგან მოისმინა.
როგორ დავტოვოთ საპენსიო სისტემა?
კანონის მიღების დროს 40 წელს მიღწეულ პირებს, სისტემიდან გასვლის უფლება აქვთ. მათთვის პირველი აპრილიდან ორთვიანი ფანჯარა გაიხსნება, რომლის დროსაც მათ მარტივი განცხადების საფუძველზე შეეძლებათ დატოვონ საპენსიო სქემა.
„ეს განცხადება უნდა მოგვაწოდონ ჩვენ, ატვირთონ ჩვენს სისტემაში. ჩვენ გვექნება ასევე მოლაპარაკება, რომელსაც აქვს მთელ საქართველოში ბევრი ლოკაცია, ან საჯარო რეესტრის სამსახურთან. იქ ოპერატორს ექნება ჩვენს სისტემასთან წვდომა.
თუ მას შემდეგ, მისმა დასაქმებელმა, კიდევ ერთხელ სცადა, რეფორმიდან გასულ დასაქმებულზე შენატანის განხორციელება, ბუღალტერს გამოუვა ეკრანზე გაფრთხიელბა, რომ ამ ადამიანს დატოვებული აქვს სქემა და „დარწმუნდით, რომ ადამიანს აქვს დაწერილი განცხადება დაბრუნებაზე.
სქემიდან გასულ ადამიანს ის სამთვიანი შენატანი, რომელიც ავტომატურად ჩართულს ჩამოეჭრება (პირველ აპრილამდე) უკან დაუბრუნდება, უკან დაბრუნება ასევე, დამსაქმებლის მიერ გადარიცხული 2% და სახელმწიფოს მიერ გაცემული 2%“ – განმარტა ლევან სურგულაძემ „ფორტუნასთან“.
აღსანიშნავია, რომ სქემიდან გასულ ადამიანს, უკან დაბრუნების საშუალება განცხადების საფუძველზე აქვს, თუმცა მათ, ვინც ორ თვეში სქემიდან გასვლას ვერ მოახერხებენ, მისი დატოვების უფლება აღარ ექნებათ.
არის თუ არა სქემაში ხვრელები?
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს 2% გადაუხადოს. თუ ამ ვალდებულებას ის თავს აარიდებს, ამის შესახებ მოქალაქეს შეუძლია, საპენსიო სააგენტოს მიმართოს.
„თუ დასაქმებული გაწევრიანებულია საპენსიო სქემაში, დამსაქმებელმა სავალდებულო წესით მისი დასაბეგრი ხელფასის 2% შენატანი უნდა განახორციელოს საპენსიო სქემაში. კანონი არ ითვალისწინებს, რომ დასაქმებულს გადაახდევინონ 4%, ან მისი ხელფასის შემცირების ხარჯზე მოხდეს ამ პროცენტების საპენსიო ფონდში შეტანა. ამას თვითონ დასაქმებული გააკონტროლებს. თუ დაინახავს, რომ ხელფასი შეუმცირდა, მას შეუძლია შემცირებაზე უარი განაცხადოს, მოგვამრთოს სააგენტოს. ჩვენ ვიქნებით დასაქმებულის მხარეზე, დავეხმარებით სამართლებრივი და იურიდიული რესურსებით. მას შეუძლია ასევე სასამართლო და პროცესს ის აუცილებლად მოიგებს, რადგან კანონში პირდაპირ წერია ეს საკითხი,“ – განაცხადა „ფორტუნასთან“ სურგულაძემ.
თქვენი, დამსაქმებლის და სახელმწიფოს გარდა, საპენსიო თანხა კიდევ გაიზრდება
საპენსიო სისტემაში ჩართულ თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში ექნება. მასზე შესულს გამოუჩნდება ყველანაირი ინფორმაცია, მისი შენატანების შესახებ, მათ შორის, ვინ რამდენი და როდის ჩაურიცხა.
ამავე ანგარიშზე იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის საინვესტიციო პორტფელისგან შედგება მისი ანგარიში და რა არის მისი აქტივების მიმდინარე ღირებულება. ეს ღირებულება ყოველი სამუშაო დღის ბოლოს განახლდება.
როგორც ლევან სურგულაძე ამბობს, 5 წლის შემდეგ, საპენსიო დანაზოგების ინვესტირება შესაძლებელი იქნება საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში, შესაბამისად, საპენსიო სისტემაში ჩართულ მოქალაქეს შეეძლება დანაზოგი, რისკის ფასად, კიდევ უფრო გაზარდოს.
„გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაიწყება ამ თანხების ინვესტირება კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. პირველი ხუთი წლის განმავლობაში საინვესტიციო პორტფელი იქნება მხოლოდ დაბალრისკიანი, ხოლო ხუთი წლის შემდეგ, მონაწილეს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს დაბალრისკიანი, საშუალორისკიანი ან მაღალრისკიანი პორტფელი.
ეს არის ინვესტიცია, ინვესტიცია დაკავშირებულია რისკთან, შემოსავლის მიღების მიზნით. დაბალრისკიან პორტფელში ამის საშიშროება ნამდვილად არის, ხოლო საშუალო და მაღალრისკიან პორტფელში არის საშუალება, რომ დაგერიცხოთ მაღალი ამონაგები დაგროვილ თანხაზეც, თუმცა არის საპირისპირო საშიშროებაც, რომ დაგაკლდეთ თანხა. გრძელვადიან პერიოდში, როგორც წესი, ეს მერყეობა, ტრენდი არის დადებითი. ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს დარიცხვა არის დადებითი,“ – განმარტავს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.
სად იქნება ჩემი პენსია და რა მოუვა მას 10 წლის შემდეგ?
ლევან სურგულაძე საზოგადოებას არწმუნებს, რომ საპენსიო დანაზოგი, ყველაზე დაცული საკუთრებაა. მასზე წვდომა არცერთ ინსტიტუტს არ აქვს. შეუძლებელია მისი დაყადაღება ან ვალის გასტუმრების გზით განულება.
რაც შეეხება სანდოობას, სურგულაძის თქმით, საპენსიო სააგენტოს კონტროლის სამსახური თითოეული ტრანზაქიციის დონეზე აკონტროლებს ყველა პორტფელს. ასევე, მას იცავს სახელმწიფო და კონსტიტუცია.
“ფული განთავსებული იქნება საპენსიო ანგარიშზე, მას დაემატება ის ამონაგები, რაც ინვესტიციის შედეგად დაემატება. ის უფრო დაცულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკუთრება. ნებისმიერი სხვა აქტივი დღეს. იმიტომ, რომ კანონის მიხედვით ამ თანხებს არ შეეხება, არც ყადაღა, არც ინკასო, არც აღსრულება.
ვისი ვალიც არ უნდა იყოს, არავის არ აქვს უფლება შეეხოს ამ თანხას და მოახდინოს რაიმე აღსრულებითი ღონისძიება, განსხვავებით მაგალითად, სახლისგან ან ავტომანქანისგან, რომელიც თქვენი საკუთრებაა. საპენსიო დანაზოგი სრულად დაცულია და გადაეცემა მემკვიდრეობით, თუ მონაწილემ ვერ მოასწრო მისი ათვისება. ეს არის დაცული კანონით, მას იცავს სახელმწიფო, საქართველოს კონსტიტუცია და სააგენტოც ისეა მოწყობილი, რომ კონტროლის სამსახური, თითოეული ტრანსაქციის დონეზე გააკონტროლებს პორტფელს, დაითვლის რისკებს, ასევე შეამოწმებს, რომ ეს პორტფელის რისკის პროფილი, შესაბამისია იმ საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული. შესაბამისად, ეს არის საუკეთესო დასავლური სტანდარტით შექმნილი ორგანიზაცია,“ – აცხადებს სურგულაძე.
გამონაკლისები: იმ შემთხვევაში თუ…
- თუ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირი გარდაიცვალა, მის მიერ დაგროვილ თანხას მისი მემკვიდრე აიღებს.
- თუ ადამიანი კარგავს შრომის უნარს, თანხის სრულად გატანა შეუძლია.
- თანხის სრულად გატანა შესაძლებელია, თუ პირი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს და სამუდამოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე ხდება.
- იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ხელფასი ან/და (შემოსავალი) წელიწადში 24 ათას ლარს გადააჭარბებს, სახელმწიფო მხოლოდ 1 პროცენტს გაიღებს, ხოლო თუ 60 ათას ლარზე მეტია, სახელმწიფო თავის წილს საერთოდ აღარ იხდის.
“დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.
“ფორტუნას” გამოკითხვა
თემაზე, უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ლინკზე