საქართველოში დასაქმებულთა მნიშვნელოვან ნაწილზე უარყოფითად აისახა მიმდინარე პანდემიით გამოწვეული კრიზისი. ქვეყანაში უმუშევრობა პანდემიამდეც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩებოდა, თუმცა კორონავირუსმა ვითარება ამ მიმართულებით გაამწვავა-უმუშევრად ათი ათასობით ადამიანია დარჩენილი.
„ბიზნესკურიერი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა ამჟამად შრომის ბაზარზე და რა მიმართულებებზე შეუძლიათ დასაქმდნენ ადამიანები, რომლებიც სამსახურს ეძებენ.
როგორც Hr.ge-ს წარმომადგენელმა, ინგა შახბაზიანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, 2020 წელი დასაქმების მხრივ საკმაოდ პასიური იყო, ვაკანსიების კუთხით დაფიქსირდა 40%-იანი კლება, განსაკუთრებით კი, ეს გამოიკვეთა მარტი-აპრილი-მაისის თვეებში, შემდეგ კი უკვე ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერის თვეებში.
მხოლოდ დეკემბერში კი ვაკანსიების 70%-იანი კლება ფიქსირდებოდა.
„ახლა კი, 4 იანვრიდან კომპანიებმა დაიწყეს აქტიურობა, დეკემბერთან შედარებით იყო 20%-იანი მატება, რაც საკმაოდ პოზიტიური სიგნალია. ძირითადი აქტივობა შეინიშნება გაყიდვების მიმართულებით, ეს ის სფეროა, რომელიც ყოველთვის ყველაზე მეტად აქტიურობს, მეორე ადგილზეა IT სფერო, მესამე ადგილზე კი, სამედიცინო სექტორი და შემდეგ საბანკო-საფინანსო სფერო. ეს ის 4 მიმართულებაა, რომელიც აქტიურობს 4 იანვრიდან. მოლოდინი არსებობდა, რომ 18-დან იქნებოდა აქტივობა, თუმცა აქტივობა დაიწყო იანვრის დასაწყისიდან.“
ინგა შახბაზიანი აღნიშავს, რომ პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა IT მიმართულება, როცა თითქმის ყველა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, ეს მიმართულება ძალიან დაწინაურდა.
„ამის გარდა ძალიან აქტუალური გახდა კურიერის პოზიცია. ბოლო კვარტალს რაც შეეხება ვიტყვი, რომ ექთნებზე იყო დიდი მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებები, როგორც წესი არ აქტიურობენ ხოლმე ონლაინ პლატფორმებზე.“
სანამ ჰორეკა სექტორი გააქტიურდება, ინგა შახბაზიანი ურჩევს სამუშაოს მაძიებლებს, რომ ამ ეტაპზე ძალები მოსინჯონ გაყიდვების მიმართულებით, რადგან ამ პოზიციებზე ხშირ შემთხვევაში არ ითხოვენ დიდ გამოცდილებას.