“იცურე მშვიდად“ – ეს ლოზუნგი მალე ყველა ქალაქსა და სოფელს მოედება. მისი საჭიროება კი, ბოლო პერიოდში საქართველოს მდინარეებში, ტბებში თუ ზღვებში დამხრჩვალი ადამიანების რაოდენობამ გამოიწვია. 2015 წლიდან 2017 წლამდე ამ მიზეზით, 352 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან უმეტესობა ბავშვები და ახალგაზრდები არიან.
რაც შეეხება ბოლო შემთხვევებს, 2018 წლის არასრული ორი თვის მონაცემებით, (მაისიდან ივნისის ჩათვლით) საქართველოში 21 ადამიანი დაიხრჩო. ამ პერიოდის შემდეგ მედიაში არა ერთი დახრჩობის ფაქტი გახმაურდა.
მონაცემები საგანგაშოა და პრევენციისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები იწყებენ კამპანიას.
ანა დოლიძე დღეს თანამოაზრეებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს და მოუწოდებს ყველა მხარეს, ჩაერთოს კამპანიაში, რომელიც მუნიციპალიტეტების გააქტიურებას და გენოფონდის გადარჩენას ისახავს მიზნად.
როგორც ანა დოლიძემ „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მათ შორის, ვინც დახრჩობის შედეგად გარდაიცვალა, უმეტესწილად ახალგაზრდა ბიჭები არიან.
„ჩვენ საშინაო დავალებას, როგორც სახელმწიფო, არ ვასრულებთ, გვიკვდება ბავშვები. ძირითადად 10-დან 20 წლამდე ახალგაზრდები, უმეტესად ბიჭები.
დასასვენებელი სეზონი გადაქცეულია მშობლების ნერვიულობის სეზონად. ეს არის რაც მე მადარდებს, ეს არის ის თემა, რაც ადარდებს იმ ხალხს, ვისთან ერთადაც ვიწყებთ და იმედი მაქვს, ეს იქნება საფუძველი ძალიან ბევრი ადამიანის შემოერთების, რადგან ვიცი, რომ ჩემს გარშემო ყველა ნერვიულობს, როცა შვილს დასასვენებლად უშვებს,“ – აცხადებს ანა დოლიძე.
დოლიძის განცხადებით, პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია და ამისთვის ერთობლივად უნდა იმუშავონ საზოგადოების აქტიურმა წევრებმა და პასუხისმგებელმა პირებმა – მშობლებმა, სკოლებმა, განათლების სამინისტრომ, მუნიციპალიტეტებმა…
კამპანიის წევრები პირველ რიგში, საბანაოდ საშიშ ადგილებში, გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმას ითხოვენ.
„აქ ორი ტიპის პასუხისმგებლობას ვაწყდებით. ერთის მხრივ, ცალსახად ვაწყდებით ტერიტორიული ერთეულების და მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობას, რომელმაც ყველგან, სადაც უკვე მომხდარია დახრჩობის ფაქტი, მინიმუმ ნიშანი უნდა დააყენოს, რომ აქ ბანაობა შაშიშია, ან აქ შეიძლება ბანაობა აქედან აქამდე, ანუ სულ მცირე მუნიციპალიტეტმა აუდიტი მაინც უნდა ჩაატაროს საშიში ადგილების შესახებ. და მეორე მიმართულება, რომელიც გვაქვს, ესაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რადგან ჩვენ ყველა ვართ მომსწრე, ზღვაში ნასვამები, როგორ ჩადიან გაფრთხილების მიუხედავად, შტორმის დროს ადამიანი ზღვაში შედის, რომ დაამტკიცოს თავისი მეობა თუ გამბედაობა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ორი მიმართულებით წავა მუშაობა,“ – აცხადებს ანა დოლიძე.
ანა დოლიძესთან ერთად კამპანიის ერთ-ერთი აქტიური წევრი ალეკო ცქიტიშვილია, რომელმაც ეს ტრაგედია საკუთარ თავზე გადაიტანა.
მისი შვილი თბილისის ზღვაზე სწორედ იმ ადგილზე დაიხრჩო, სადაც მანამდე სულ მცირე 5 ადამიანი იყო დაღუპული.
“ზუსტად ერთი წლის წინ, თბილისის ზღვაზე დაიხრჩო ჩემი შვილი… ამ ადგილას ვხედავთ, რომ ყოველ სეზონზე იღუპებიან ახალგაზრდები. ეს კამპანია დაიწყო იმისთვის, რომ გადარჩეს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე.
ჩვენ ვხედავთ, როგორ ტრაგიკულად იღუპება ხალხი, იმის გამო, რომ ხელისუფლება არ ატარებს არავითარ ზომებს, რომ წყლის ობიექტებზე ადამიანის სიცოცხლე დაცული იყოს. შემაშფოთებელი სტატისტიკაა ქვეყანაში, გასატარებელია მთელი რიგი ღონისძიებები და მოსამზადებელია საკანონდებლო ცვლილებები, რასაც სახელმწიფოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს,” – აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა მომზადებულიყო და მათი აქტიურობის მიუხედავად, ვადებმა 2019 წლის დეკემბრამდე გადაიწია.
ცივილიზებული სახელმწიფოს მთავარი დამახასიათებელი ნიშანია, ის რომ იქ მცხოვრები ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. ჩვენთან დაუდევრობის გამო, კი ძვირფასი რესურსები, მათ შორის წყალიც კი, საშიში ხდება…
თამთა უთურგაშვილი