კომუნიკაციების კომისიის (ComCom) მედიალაბში სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ მეათედ ჩატარდა. „იდეადრომი“ სტარტაპერების აღმოჩენას, მათ ხელშეწყობას და პროდუქტების განვითარებაში მხარდაჭერას ემსახურება.
კონკურსის ფარგლებში 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთაც 5000 და 2500-2500 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცათ.
I ადგილი დაიკავა პროექტმა AdMagica AI-მ, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ხარჯების დაზოგვასა და გაყიდვებზე ორიენტირებული რეკლამის, თუ მარკეტინგული სტრატეგიების შექმნაში ეხმარება.
II ადგილზე მოხვდნენ სტარტაპები HALF-CHAIN და Paralegal, რომელთაც საპრიზო ფონდი თანაბრად გაინაწილეს. HALF-CHAIN წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც მომხმარებლის მიერ დაწერილ მოთხოვნებს AI-ის მეშვეობით ავტომატურად გარდაქმნის სმარტ კონტრაქტად, ამასთან, ამოწმებს სამართლებრივ რეგულაციათა შესაბამისობას და მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას მარტივად, უსაფრთხო სმარტ კონტრაქტები შექმნან. რაც შეეხება Paralegal-ს, ის იურისტების ციფრულ ასისტენტს წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია იურისტების დროის დაზოგვაზე. კერძოდ, პლატფორმა პოულობს მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ კანონებსა თუ პრეცედენტებს, ამუშავებს აუდიო მასალებს, ავსებს დოკუმენტაციას, აგებს სამართლებრივ არგუმენტებს და ამ ყველაფერს მხოლოდ წუთებს ანდომებს.
„იდეადრომის“ ფარგლებში, მონაწილე სტარტაპერებმა პროფესიონალი მენტორების ხელმძღვანელობით 5 დღიანი ინტენსიური გადამზადება გაიარეს და იდეის ვალიდაციის, მომხმარებლის ანალიზის, მარკეტინგის, იურიდიული თუ ფინანსური საკითხების, პროტოტიპირებისა და პროდუქტის დახვეწის, ინვესტორებთან მოლაპარაკების, გუნდისა თუ პროცესების მართვის, ასევე, იდეის წარდგენის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.