LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იდუმალი სტუმრის ჯილდო“ – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება წელს გამარჯვებულს ახალ ნომინაციაშიც გამოავლენს

879
ელენე ოთარაშვილი

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება, როგორც უნიკალური პლატფორმა, რომელიც 2015 წლიდან აღნიშნავს და ახალისებს ხარისხისა და ინოვაციების წარმატებულ დანერგვას საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში, მიმდინარე წელს განსაკუთრებული სიახლეებით ხვდება – პროექტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაგეგმილია ვორქშოპების ჩატარება და რეგიონული შეხვედრების გამართვა.

ელენე ოთარაშვილი, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტი:

– ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ახალ სტრატეგიაზე რამდენიმე თვე ინტენსიურად ვიმუშავეთ მმართველ პარტნიორებთან და ახალ გუნდთან ერთად. ჩვენი მთავარი მიზანია ამ პროექტს მივცეთ ახალი სიცოცხლე და ვაქციოთ ის ქართული ტურიზმის განვითარების ძლიერ პლატფორმად. ამ მიმართულებით ვაძლიერებთ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს.

პირველი გახლავთ ის, რომ ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის „გრანთ თორთონის“ დახმარებით, შეფასების სისტემა და მეთოდოლოგია მთლიანად მოვარგეთ საერთაშორისო სტანდარტს, რაც გულისხმობს იმას, რომ საბოლოო შედეგი იქნება სრულიად მიუკერძოებელი და გამარჯვებულების ვინაობას ჩვენც სცენიდან შევიტყობთ. ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პროექტის მონაწილეებს, პარტნიორებს და მთელ ინდუსტრიას ჰქონდეს მაღალი ნდობა შეფასების პროცესის მიმართ. ჯილდოს მიღება ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც ეს ჯილდო შექმნის. აღიარება მაშინ არის ძლიერი, როცა მას ზურგს უმაგრებს სანდოობა, გამჭვირვალობა და პროფესიული სტანდარტი.

წელს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება აღარ იქნება მხოლოდ ერთი ლამაზი დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულებს დავასახელებთ. ეს იქნება ღონისძიებათა მთელი ციკლი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, თელავსა და ბათუმში. პირველ შეხვედრას 14 მაისს თბილისში ჩავატარებთ, შემდეგ 15 მაისს – თელავში, 18 მაისს – ბათუმში და ა.შ. რეგიონებში გასვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რათა უფრო ახლოს მივიდეთ რეგიონის მოთამაშეებთან. ისინი რეალურად ძალიან დიდ დოვლათს ქმნიან და ყველაზე მეტი პრობლემაც მათ ექმნებათ არასეზონურ პერიოდში.

პროექტის ფარგლებში გავაძლიერეთ განათლების და ცოდნის გაზიარების კომპონენტი. ვგეგმავთ ვორქშოპებს, პროფესიულ შეხვედრებს და პანელური დისკუსიებს. აქ ჩაერთვებიან მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც ახალ ცოდნას და გამოცდილებას გაგვიზიარებენ. ტურიზმში ადამიანების განვითარება და მეტი ცოდნის შემოტანა ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული საკითხია. თუ გვინდა მაღალი ხარისხის ტურიზმი, უნდა გვყავდეს ადამიანები, რომლებიც ამ ხარისხს ქმნიან.

წელს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება წარმოდგენილი იქნება ასევე განახლებული ნომინაციებით, რომელთაგან რამდენიმეს განსაკუთრებულად გამოვყოფდი. დიდი სიახლე იქნება ნომინაცია „იდუმალი სტუმრის ჯილდო“ (Mystery Guest Award). კერძოდ, სასტუმროები და რესტორნები შეფასდებიან საერთაშორისოდ აკრედიტებული ექსპერტების მიერ, რომელთა შესაფასებელ ობიექტებზე მისვლა წინასწარ არ გამჟღავნდება.

ასევე გავზარდეთ ინდივიდუალური ნომინაციების რაოდენობა, რადგან ჩვენი აზრით, ადამიანები მეტად უნდა დაფასდნენ ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

განახლებული ნომინაციები უკვე განთავსდა ჩვენს ვებგვერდზე და რეგისტრაციაც დაიწყო. განაცხადების მიღება დასრულდება ივლისში. გამარჯვებულების ვინაობას კი,  შემოდგომაზე გავიგებთ. დაჯილდოების ღონისძიება იქნება ტურიზმის ინდუსტრიის ნამდვილი დღესასწაული შესაბამისი მასშტაბით და პროგრამით. გვადევნეთ თვალი სოციალური მედიის არხების მეშვეობით. მალე ჩავუშვებთ ასევე ჩვენს პოდკასტს Tourism Talks, რომლის პირველი ეპიზოდი უკვე ჩავწერეთ. ეს პოდკასტი გახდება სივრცე, სადაც შევძლებთ ტურიზმზე უფრო ღიად ვისაუბროთ, არა მხოლოდ წარმატებებზე, არამედ გამოწვევებზე, პრობლემებზე, შეცდომებზე, ვიყოთ გულწრფელები, დავსვათ რეალური კითხვები და შევქმნათ ნამდვილი დიალოგი იმ საკითხებზე, რომლებიც ინდუსტრიას წინსვლისკენ უბიძგებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოდკასტი გახდება ერთგვარი ხმა იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღე ქმნიან ქართულ ტურიზმს.

magti 5g