25 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოში საყოველთაო გაფიცვა იგეგმება. დასაქმებულები და დამსაქმებლები ჯერ საკუთარი სამსახურების წინ გაიფიცებიან, შემდეგ კი სხვადასხვა ადგილიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მარშით გაეშურებიან.
ღონისძიების ანონსში ვკითხულობთ:
„25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს, 1921 წელს, თბილისის აღებით რუსეთმა შეწყვიტა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული განვითარება.
1921 წლის ნოემბერში, ქართველი ხალხი გაიფიცა და ამ ფორმით აჩვენა წინააღმდეგობა რუსულ ოკუპაციას. ცხადია, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად, ხოლო 1924 წლისა და 1937 წლის რეპრესიებმა ათწლეულობით დაასამარა დამოუკიდებლობის იდეა.
25 თებერვალი არის დღე, რომელიც გვახსენებს, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ისტორია განმეორდება. დღეს, ქართველები ზუსტად იმავე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, სადაც ან გავიმარჯვებთ, ან დავკარგავთ ყველაზე ფასეულს – სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
უკვე მესამე თვეა უწყვეტად ვდგავართ ქუჩაში და ვიცავთ საკუთარ მომავალს და განსხვავებით წარსულისგან, ამ ბრძოლაში ვართ ბევრად ძლიერები.
ამიტომ, 25 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველო გაიფიცება.
გაიფიცება დასაქმებული თუ დამსაქმებელი, ადამიანები, რომლებიც ქმნიან საქართველოს სიმდიდრეს, ასაზრდოებენ საქართველოს ეკონომიკას. დავდგებით საკუთარი ოფისებისა და სამსახურების წინ და შემდეგ მარშებად დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ. დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები მივალთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც სიცოცხლე ამავე იდეალებისთვის საქართველოს შესწირეს.
- მივალთ 49 სინდისის პატიმრის სახელით!
- მივალთ 500 ნაცემი და ნაწამები თანამებრძოლის სახელით!
- მივალთ ათასობით უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანის სახელით!
- მივალთ ათიათასობით შეურაცხყოფილი ადამიანის სახელით!
- მივალთ ასიათასობით გაბრაზებული ადამიანის სახელით!
- მივალთ საქართველოს სახელით!
25 თებერვალი, 16:00 საათი – იფიცება საქართველო!
- დავიძვრებით ვაკის პარკიდან მარო მაყაშვილის სახელობის მარშით;
- დავიძვრებით ამაღლების ქუჩიდან იუნკრების სახელობის მარშით;
- დავიძვრებით ავლაბრის მეტროდან გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარშით;
- დავიძვრებით მარჯანიშვილის მოედნიდან ვალიკო ჯუღელის სახელობის მარშით;
- დავიძვრებით სადგურის მოედნიდან ვალოდია გოგუაძის სახელობის მარშით;
- დავიძვრებით სპორტის სასახლიდან გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელობის მარშით.
მივალთ გმირებთან, მათ მოედანზე, რწმენით, რომ საქართველოს თავზე ყოველთვის საქართველოს დროშა იფრიალებს!“