LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგეგმება სიძულვილის ენის და ტერორიზმის მოწოდების შემცველი პროგრამების და რეკლამების აკრძალვა – რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს კანონში ცვლილება

71
Media News concept

სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება.

ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის ასახვაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში იგეგმება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

პროექტის მიხედვით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს სპეციალური მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე.

ამავე პროექტით, იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ტერორიზმისკენ მოწოდებას შეიცავს.

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, როგორც წესი, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების, ისევე როგორც პასუხის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ რეგულირდება.

როგორც „ფორტუნას“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ გოგოსაშვილმა განუცხადა, აღნიშნული ცვლილება საფრთხის შემცველია.

„ცვლილება საფრთხის შემცველია. გამოიწვევს მაუწყებლების მხრიდან არაერთგვაროვან დამოკიდებულებას. შედეგად კი შესაძლებელია მოხდეს სანქციების გამოყენება, რაც ბოლო დროს როგორც ვნახეთ, ძალიან მაღალია და შესაძლოა, მაუწყებელს მისი გადახდა ძალიან გაუჭირდეს“. – აღნიშნა მარიამ გოგოსაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბარში.

მედიაექსპერტის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი თუ იმ ფორმით დარჩება, რა ფორმითაცაა შემუშავებული, „ეს იქნება პოლიტიკური იარაღი, რომელიც რაღაც მომენტში აუცილებლად გაისვრის მედიის წინააღმდეგ“.

კითხვაზე, რას ემსახურება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, მედიაექსპერტი ამბობს, რომ მიზანი კანონმდებლობის ევროდირექტივების შესაბამისად წესრიგში მოყვანაა, თუმცა მათ ისეთი ინტერპრეტაცია არ უნდა მიეცეთ, რაც მედიის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იქნება გამოყენებული.