გულის სიწმინდე და სიწრფელე ყველაფერში უნდა ჰქონდეს ადამიანს. არ უნდა იყოს, რომ ერთი თქვას, მეორეს ფიქრობდეს და მესამეს აკეთებდეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
ილია მეორემ ცხოვრების სირთულეზე და ამ კონტექსტში სიმართლესა და სიყალბეზე იქადაგა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ საჭიროა გულის სიწმინდე და მრევლმა მიიღოს სიმართლე და არა ურჯულოება.
„ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა სიმართლე და სიყალბე ექიშპებიან ერთმანეთს. ადამიანს უჭირს გაიგოს სად არის სიმართლე და სად არის სიყალბე. მაგრამ, ადამიანმა უნდა გაიგოს წმინდა პავლე მოციქული ამბობს, შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება. აი, ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ.
სიმართლე ღვთისაგან მოდის. ღმერთი აძლევს გაგებას სიმართლისა. ურჯულოება ბოროტისაგან არის და ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენ რას მივიღებთ სიმართლეს თუ ურჯულოებას.
ღმერთმა ინებოს, რომ განიწმინდოს ჩვენი გონება, გული.
წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ხშირად ამბობს გულის შესახებ. გულის სიწმინდე და სიწრფელე ყველაფერში უნდა ჰქონდეს ადამიანს. არ უნდა იყოს, რომ ერთი თქვას, მეორეს ფიქრობდეს და მესამეს აკეთებდეს.
მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ყველა დაგვაჯილდოვოს გულის სიწმინდით”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.