LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია, ვაჟა და აკაკი ფემინისტები იყვნენ: სად არის ქალის ადგილი

2563
page

ფემინისტი სალანძღავი სიტყვა არაა – ფემინისტი ნიშნავს ადამიანს, რომელიც ქალთა უფლებებს აღიარებს და მათ გათანასწორებას უჭერს მხარს.

XIX საუკუნის (და არა მხოლოდ) უმნიშვნელოვანესი პირები, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ვაჟა-ფშაველა ფემინისტები იყვნენ.

მათი არაერთი ნაწარმოებიდან თუ პუბლიკაციიდან ეს ნათლად იკითხება და არათუ იკითხება, ილია ჭავჭავაძე პირდაპირ იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის.

„დედათა ემანსიპაციის შესახებ“ წერილში ის შეეხო არა მარტო ქალთა უფლებებს, არამედ მოვალეობებსაც.

„ბევრს კაცსა, თუ ქალსა ჰგონია დღესაც, რომ აქ მარტო იმაზეა ლაპარაკი, ვითომც ამ ემანსიპაციის საქმეში სხვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ ქალთა თუ დედათა მხოლოდ უფლება მიენიჭოთ და იმას კი აღარავინა ჰფიქრობს, რომ არ არის არც ერთი იმისთანა უფლება კაცთა ურთიერთობაში, რომელსაც არ მოსდევდეს მოვალეობაცა“, – წერდა ის და ყურადღებას მუდმივად იმაზე ამახვილებდა, რომ განათლების გარეშე ქალების მოთხოვნები მოთხოვნებადვე დარჩებოდა და თან ის არასაკმარისი იყო.

ილია თავისი ეპოქის ქართველ ქალებს მაგალითად ამერიკელებს უსახავდა, რადგან, კრიტიკოსის თქმით, ისინი არა მარტო მოითხოვდნენ უფლებებს, არამედ იბრძოდნენ კიდეც მათ მოსაპოვებლად და შედეგსაც მიაღწიეს.

“ქალებს შეუძლიათ არამც თუ ხელით გარჯა, შრომა, საქმის კეთება, არამედ გონებითაც, ჭკვითაც და არც რთსა და არც მეორეში მამაკაცს არ ჩამოუვარდებიან. ამ პატიოსანს გაზრახვას შესდგომიან ამერიკაში და, როგორც ჰნახავთ, საკვირველის ძლევამოსილობითაც შეუსრულებიათ”.

 

მეტიც, ილია ქალთა უმოქმედობას, პრობლემად მიიჩნევდა, თუმცა პროგნოზირებდა, რომ უმოქმედობა შეიცვლებიდა საქმის კეთებით და ქალები დედამიწაზე საკუთარ ადგილს დაიკავებდნენ.

 „შორს არ არის ის დრო, როდესაც დედათა საქმე თავისას გაიტანს და ეს მთელი ნახევარი სქესი კაცობრიობისა მოწვეულ იქნება წუთისოფლის სუფრაზედ თავისი კუთვნილის ადგილის დასაჭერად.“

 

აკაკი

აკაკი წერეთელსაც არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება ქალთა უფლებებზე, ქალების დამოუკიდებლობაზე. მისი შეხედულება ამ საკითხზე კარგად ჩანს სიტყვების “მეუღლისა” და “ცოლის” მისეულ განმარტებაზე. ის ამ სიტყვებს სწორედ თანასწორობის იდეას უკაშირებს.

„მეუღლე ნიშნავს უღლის ცალსა, თანასწორად გაბმული ცხოვრების უღელში ქალი და კაცი ერთი მეორის დაუჩაგვრელად უნდა მიისწრაფვოდნენ თანასწორად. მეორე სიტყვა „ცოლი“ მომდინარეობს „ცვალისგან“, ესე იგი საჭირო დროს ერთი მეორის ადგილის დამჭერი“

აკაკი წერეთელს ამ მხრივ ხშირად მოჰყავდა მაგალითად “ვეფხისტყაოსანი” და ამბობდა, რომ მისი პერსონაჟი ქალები მუდმივად დამოუკიდებლად მოქმედებენ, ვაჭრის ცოლი იქნებოდა ეს, მოახლე თუ მეფის შვილი, ამით კი ამტკიცებდა, რომ საქართველოში ქალთა უფლებები არასდროს ყოფილა ისე დაკნინებული, როგორც XIXსაუკუნეში.

საზოგადოდ ქალებს იგივე მნიშვნელობა აქვთ, რაც ბარომეტრს ჰაერის ცვლილებაში.

თუ ქალები მაღალ საფეხურზე დგანან ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში, მაშინ იმ ხალხსაც დარი უდგას და თუ დაბლად არიან, ხალხის ცხოვრებაც იცარება” – წერდა წერეთელი.

 

ვაჟა-ფშაველა

ლუკა რაზიკაშვილი, რომ დროს ყველაფერში უსწრებდა, ეს მგონი არავის უკვირს, თუმცა მაინც საყურადღებოა მისი ეს წერილი, სადაც ის ქალების ბუნებაზე და მსოფლიოში ამ თვისებების ნაკლებობაზე საუბრობს.

 „მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულეობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამ საკითხზე გაჭიანურებულ პასუხს არ მოგცემ… მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერც ვერავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას… დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა, ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება“.

 

ქალთა უფლებების დამცველებს მაშინაც ჰყავდათ მოწინააღმდეგეები, რომლებიც დაახლოებით იგივე ლექსიკით საუბრობენ, როგორც ახლა მათი მიმდევრები.

ისტორიამ შემოგვინახა ქართველი საზოგადო მოღვაწე და მწერალის დავით კეზერელის წერილი, რომელიც უცნობ ქუთაისელ ქალს ეკუთვნის. კეზერელი ამ ტექსტით მის წერილს გამოეხმაურა გაზეთში.

კეზერელი ქართველ ქალებს რჩევა-დარიგებას აძლევს, რომ მათ უარი თქვან თავიანთ ოცნებებზე და გახდნენ კარგი დედები.

„უმორჩილესად ვსთხოვ ჩვენებურის ქალების მოსარჩლე მანდილოსანს, ეს ჩემი ჩარევა პირად პოლემიკაში არ მიიღოს. ღმერთმა დამიხსნას ამგვარის რეგვნულის გამბედაობისგან! ის მირჩევნია, ღამე მთვარეს შევყეფდე და დღემზეს და მომავალს ღრუბლებს, მინამ ქალს მეცნიერული ბაასი გავუმართო, როგორის ჭკუის და განათლებისაც არ უნდა იყოს ის”.

მოკლედ, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა დღეს არ დაწყებულა და სანამ სიტყვა გენდერს, ფემინისტს და ქალთა უფლებებს სალანძღავად და უარყოფით კონექსტში გამოიყენებთ, ისტორიასაც გადახედეთ და სხვის თუ არა, სამაგალითო ერის მამის სიტყვებს გაეცანით.