ილონ მასკმა თავის სოციალურ ქსელში იხუმრა, რომ შესაძლოა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შეიძინოს და მის ხელმძღვანელად დანიშნოს ადამიანი, ვისაც სახელად „რაიანი“ ჰქვია. პოსტი მოჰყვა Ryanair-ის კომენტარს, რომელშიც ავიაგადამზიდი მასკს X-თან დაკავშირებული ტექნიკური შეფერხების გამო აკრიტიკებდა.
როგორც Euronews-ი წერს, ხუმრობამ სწრაფად მიიქცია ყურადღება და რეაქცია თავად Ryanair-ის ხელმძღვანელობის მხრიდანაც მოჰყვა. ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ მასკს, როგორც ჩანს, ნაკლებად აქვს წარმოდგენა ევროკავშირის ავიაკომპანიების საკუთრებისა და მართვის მკაცრ რეგულაციებზე. მისი თქმით, Ryanair-ის ყიდვა არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ სამართლებრივ ბარიერებსაც აწყდება.

კომპანიის ოფიციალურმა არხებმა თემას იუმორითვე უპასუხეს და ირონიულად დააანონსეს სპეციალური „აქცია იდიოტებისთვის“, რითაც Ryanair-მა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროვოკაციული კომუნიკაციის სტილს, რომელმაც ბრენდს წლების განმავლობაში ფართო ცნობადობა მოუტანა.
ექსპერტების შეფასებით, მასკის მხრიდან Ryanair-ის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის პირობებში. წესების მიხედვით, ევროკავშირში მოქმედი ავიაკომპანიის მინიმუმ 50% და ფაქტობრივი კონტროლი – ევროკავშირის მოქალაქეებს უნდა ეკუთვნოდეთ. აღნიშნული მოთხოვნა პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და საჰაერო სივრცის კონტროლს.

Ryanair-ის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით კრიტიკულია, რადგან ავიაკომპანია ოპერირებს ევროკავშირის შიდა ბაზარზე და სარგებლობს საერთო საავიაციო წესებით და თავისუფალი გადაადგილების პრინციპით. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მასკის ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, სამართლებრივი ჩარჩოები ასეთ გარიგებას ფაქტობრივად ბლოკავს, თუ საკუთრების სტრუქტურა რადიკალურად არ შეიცვლება.
ამრიგად, მასკის განცხადება, დიდი ალბათობით, მხოლოდ სოციალური მედიისთვის გათვლილი იუმორია, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება იქცეს ხუმრობა სერიოზული დისკუსიის საბაბად.
