“სწორედ იმ მამას, რომელზეც ის საუბრობს, არ გავუზრდივარ ისე, რომ დავუბრუნო მას პასუხი, როგორც ეკადრება და მოვიკითხო მისი მამა, დედა” – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გადაცემაში “მთავარი აქცენტები” განაცხადა, რომ წულუკიანს საქართველო ეზიზღება.
“მამამისი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯალათი უზენაეს სასამართლოში. ჩვენ გავაგდეთ სასამართლოდან, ის ხალხს ხვრეტდა მასობრივად. თეა წულუკიანი თავის დამხვრეტ, ჯალათ მამაზე საქართველოს აგებინებს პასუხს” – განაცხადა სააკაშვილმა.
წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია და მას საქართველოში დაბრუნების და ციხეში მოხვედრის ეშინია.
“ვფიქრობ, სააკაშვილი აქამდე დიდი ხანია იყო მარგინალი და ბობოქარი, უკონტროლო ადამიანი. ის ახლა პრაქტიკულად არის ადამიანი, რომლის განცხადებებზეც კომენტარი ხშირად რთულია. თუმცა, ერთს მაინც ვიტყოდი, რომ მე სწორედ იმ მამას, რომელზეც ის საუბრობს, არ გავუზრდივარ ისე, რომ დავუბრუნო მას პასუხი, როგორც ეკადრება და მოვიკითხო მისი მამა, დედა. მას ურჩევნია, მიხედოს საქმეს და იქნებ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება, საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი გააუმჯობესოს. ამ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, ის არის კრიმინალი, მისჯილი აქვს სასჯელი. ის უბრალოდ იმ ბედის ადამიანია, რომ საქართველოშიც ეშინია დაბრუნება ციხის შიშით” – განაცხადა წულუკიანმა.