LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ მანქანების ამოცნობა, რომლებიც ტექინსპექტირებას არ გაივლიან “ჭკვიანი კამერებით” უნდა მოხდეს – რა ხარვეზებია რეფორმაში

Sequence-03.00_20_54_05.Still002

მძღოლებმა იპოვეს ხრიკები, რომლითაც ახერხებენ ტექინსპექტირების მცირე დროით გადატანას, თუმცა ეს საკითხი ავტომობილების პერიოდული ტექნიკური შემოწმების რეფორმაში ყველაზე ნაკლებად პრობლემურია.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს საჭირო და აუცილებელი რეფორმა, ძალიან ბევრი ხარვეზის შემცველია.

რეფორმის პირველი ეტაპის შემდეგ წესით, ასეთი შედეგი უნდა დადგეს: სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს უფრო გამართული, ნაკლებად საფრთხის შემცველი, თუმცა რეალობა მიზნისგან შორსაა.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის განცხადებით, პირველი პრობლემა მენეჯმენტში იკვეთება.

„ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელებას, მაგრამ იმდენი პრობლემაა თვითონ ამ სისტემაში, რომ ეჭვი გვაქვს, სახელმწიფომ შეძლოს თავი გაართვას ყველაფერს. პირველ რიგში არის მენეჯმენტის პრობლემა, საკმაოდ სერიოზული, რადგან ხარვეზების, პრობლემების გადაწყვეტის ეფექტიან გზებზე, პასუხისმგებელი ორგანო არ არსებობს, ვინც მიიღებს სწრაფ და დროულ გადაწყვეტილებებს, დაწყებული იმ საკითხიდან, რომ რიგები არ დადგეს ცენტრებში, გაგრძელებული – როგორ მოწმდება, რამდენად კომპეტენტური კადრი ამოწმებს, რამდენად ეფექტიანია ამ შემოწმების მთლიანი ჯაჭვი. ეს პრობლემა იკვეთება,“ – აცხადებს მესხიშვილი. 

მალე ამ პროცესის გავლა ყველა მძღოლს მოუწევს - გამონაკლისები, წესები და ფასები ავტომობილის ტექნიკურ ინსპექტირებაზე [ვიდეო]

საქართველოში დღეიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ეტაპი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსპექტირების ცენტრებისკენ ყველა ის მანქანა უნდა დაიძრას, რომელთა ძრავის მოცულობა 3 კუბური სანტრიმეტრი ან მეტია. ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის კი ეს სავალდებულო 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იქნება. რაც შეეხება ინსპექტირების კონკრეტულ თარიღს, ანუ რომელი კატეგორიის მანქანები რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას, შესაბამისი გრაფიკი გაწერილი […]

მისივე თქმით, კვლავ ძალაში რჩება საწვავის ხარისხის პრობლემა. ეს კი უმთავრესი საკითხია, რადგან საწვავის გარეშე, ვერცერთი ავტომობილი ვერ შეინარჩუნებს გამართულობას.

„შეიძლება მოვაწესრიგოთ ავტომობილი უმაღლეს დონეზე, მაგრამ მაინც ვერ ვიღებთ გარანტიას, რომ საქართველოში იყიდება სტანდარტების შესაბამისი საწვავი. აქ არ არის საუბარი იმპოტზე, იმპორტი შესაძლოა, ნორმალური დონის საწვავის განხორციელდეს, მაგრამ შემდეგ ისინი თავსდება წლობით გაურეცხავ ავზებში და ამის გამო, ხვდება დაბინძურებული საწვავი ჩვენს ავტომობილებში. ეს პრობლემაც ჯერჯერობით არ არის ბოლომდე მოგვარებული,“ – აღნიშნა მესხიშვილმა „ფორტუნასთან“.

მესამე საკითხი, რაც ამ რეფორმაში ყველაზე პრობლემატურია, აღსრულების მექანიზმებია.

„სად არის ის ავტომობილები, რომლებიც უნდა მიბრუნებულიყვნენ შემოწმებაზე, რომლებმაც არ/ვერ გაიარეს დათვალიერება? არავინ იცის. აქედან გამომდინარე ეს არის კანონის აღსრულების ხარვეზი.

ჩვენ რომ საპატრულო პოლიციას ვავალებთ ყველაფერს, ისინი ფიზიკურად ვერ შეძლებენ ამის კონტროლს. მათ უნდა აკონტროლონ თამბაქოს მოხმარებიდან დაწყებული ყველა ახალი რეგულაცია. აქ უნდა დანერგილიყო თანამედროვე ტექნოლოგიები, ისე როგორც ეს არის თანმედროვე ევროპულ ქვეყნებში. 1 200 000 სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული, მიდი ეხლა და დაავალე პოლიციას, სდიე ყველა მანქანას. რომელი ერთი უნდა აკონტროლოს? ეს არის წარმოუდგენელი, ასე არ ხდება კონტროლი, ეს არის ძველი მეთოდი“ – აღნიშნა „ფორტუნასთან“ დავით მესხიშვილმა და პრობლემის მოგვარების გზად „ჭკვიანი კამერების“ შესაძლებელობების გაზრდა დაასახელა.

ექსპერტის განცხადებით, „ჭკვიან კამერებს“ პროგრამის ჩაწერის შემდეგ, აქვთ შესაძლებლობა აკონტროლონ ავტომობილი სანომრე ნიშნებით, გავლილი აქვს თუ არა მას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

„ეს ყველაფერი უნდა მოხდეს უკონტაქტო კონტროლის გზით, რაც ჯერ არ არის დანერგილი. მოკლედ, სისტემაში საკმარისი ხარვეზებია იმისთვის, რომ ვთქვათ: ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის პირასაა, თუ რაც ჩამოვთვალეთ ის ფაქტორები არ გამოსწორდება,“ – აღნიშნა მესხიშვილმა.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ გამონაბოლქვზე ავტომობილები პრაქტიკულად არ მოწმდება. მესხიშვილი აცხადებს, რომ პირველივე ეტაპზე ცენტრებს კატალიზატორები რომ მოეთხოვათ,  მანქანების 80%-ს გაჩერება მოუწევდა.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ ეს კომპონენტი 2020 წლიდან იქნება სავალდებულო, მანამდე კი, ავტომობილები გამონაბოლქვზე მსუბუქად მოწმდება.

„დაბალ მაჩვენებლებზე მოწმდება. პრაქტიკულად მანქანა ნეიტრალშია და ისე მოწმდება. გამონაბოლქვის მხრივ უკეთესობას, პირველი ეტაპის მერე არ ველი,“ – განაცხადა დავით მესხიშვილმა „ფორტუნასთან.“

შესაბამისად, ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პირველი ეტაპი, რომელიც ჯერ არც კი დასრულებულა, გარემოზე დიდ და სასიკეთო გავლენას არ მოახდენს და თუ რეალური მოთხოვნები არ დაწესდება, ეს იქნება რეფორმა – რეფორმისთვის.

 

“ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” ინფორმაციით, ტექინსპექტირებაზე გასული მანქანებიდან 40 000 უვარგისად იქნა მიჩნეული, 90 000 ერთეული კი ვარგისიანად. ამავე მონაცემების მიხედვით, დახარვეზებული ავტომობილების დახლოებით 30% განმეორებით ინსპექტირებაზე არ მისულა.

ტექინსპექტირებისას დახარვეზების ძირითადი მიზეზებია: სამუხრუჭო სისტემების გაუმართაობა, გამონაბოლქვი, საჭის მართვის სისტემა, ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზები. შესაბამისად მანქანები, რომლებიც დათვალიერებას ვერ გადიან, საფრთხეს წარმოადგენენ.

რაც შეეხება კორუფციულ რისკებს, ასოციაციაში ამბობენ, რომ შემოწმების პროცესი 24 საათიანი ჩანაწერით მიმდინარეობს, რომელიც 14 თვე ინახება, ეს ფაქტი კი, კორუფციულ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.

შეგახსენებთ, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, ეტაპობრივად დაიწყო.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე – ბოლო ეტაპი 1-ელ იანვარს იწყება. ამ პერიოდიდან ქვეყნის მასშტაბით, ყველა ავტომობილის შემოწმება სავალდებულო ხდება. საქართველოს ავტოპარკის მთლიანად შემოწმება 2019 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

 

სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ფასები:

მსუბუქი ავტომობილებისთვის (მ1) ტექინსპექტირების გავლა 60 ლარი ღირს

მიკროავტობუსები (მ2) 100 ლარი

4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 8 წლამდე – ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის – ყოველწლიურადაა სავალდებულო. მიკროავტობუსებს ტექდათვალიერების გავლა უწევთ წელიწადში ორჯერ, ექსვთვიანი ინტერვალით.

 

გაზზე გადაყვანილმა ავტომობილებმა, აირბალონების პერიოდული შემოწმება შემდეგი პერიოდულობით უნდა გაიარონ:

1. ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – სამ წელიწადში ერთხელ;

2. ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – ხუთ წელიწადში ერთხელ.

3. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, ასეთი ბალონის შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.

4. აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.

magti 5g