ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, „იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ხდება დამოუკიდებლობის, საერთაშორისო სამართლის ხელყოფა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ერთსულოვნები“.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღევანდელი დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულია, რადგან „ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვართ, როდესაც ევროკავშირში წევრობის განაცხადი გავაკეთეთ და ძალიან მალე, დიდი იმედით ველოდებით ევროკავშირისგან დადებით პასუხს“.
„მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა ქართველს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. მინდა საქართველოს ვუსურვო გაერთიანება და ასევე ერთობა. დღევანდელი დამოუკიდებლობის დღე, ალბათ, განსაკუთრებულია. ყოველთვის დიდი ზეიმია, ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის პირობებში ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვართ, როდესაც ევროკავშირში წევრობის განაცხადი გავაკეთეთ და ძალიან მალე, დიდი იმედით ველოდებით ევროკავშირისგან დადებით პასუხს იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება, გააგრძელოს ევროინტეგრაცია და შევძლოთ ქვეყნის განვითარება იმ ღირებულებებით, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვინდოდა. ეს არის ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყანა.
ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ხდება დამოუკიდებლობის, საერთაშორისო სამართლის ხელყოფა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ერთსულოვნები. დამოუკიდებლობის დღეს მაინც ვიყოთ სოლიდარულები და ერთიანები ერთი მიზნის გარშემო. ეს ამოცანა არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ამისთვის ქვეყანამ ძალიან დიდი სამუშაო გაწია და ეს ყველა ქართველის, ყველა საჯარო მოხელის დამსახურებაა. საქართველოს მიერ მომზადებული განაცხადი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხარისხიანია, საქართველოს მიღწევები ასოცირებით აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით არის ყველაზე მეტი ასოცირების ტრიოს ფარგლებში. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა პოზიტიურად დაფასდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.