“არ გავჩერდები, ყველაფერის გავყიდი და სიმართლეს მაინც გავიგებ”, – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალაიშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა. გოგონას დედა მიიჩნევს, გარკვეულ პირებს მისი შვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის მიჩქმალვა სურთ.
“რაღაცეების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ. ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო ეგრევე წაიშალა თამარის “ფეისბუქი”. აქამდე იყო და უცებ წაიშალა, როდესაც ადვოკატი უნდა დასწრებოდა ბავშვის ლეპტოპის გახსნას. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ რაღაც სხვა სისტემებში შეაღწია, სხვა ინფორმაცია მოიპოვა ისეთი, რომლისაც შეეშინდა, ჩვენ დაგვიცვა და თავი გაწირა. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა. არ დავიხევ უკან, სტრასბურგშიც გავასაჩივრებ, არ გავჩერდები, ყველაფერის გავყიდი და სიმართლეს მაინც გავგებ, ჩემი შვილის მეორედ სიკვდილს არ დავუშვებ”, – ამბობს თეონა თამაზაშვილი.
გარდაცვლილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი კი მოითხოვს საქმეს სამხარეო პოლიცია ჩამოშორდეს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიოს.
“სანამ გზა არ გადავკეტეთ, მანქანა არ გამოჩნდა, კომპიუტერზეც, რაზეც ეჭვი მქონდა ის მოხდა, ოჯახის ადვოკატს ლეპტოპი გახსნილი დახვდა. შსს-ს კეთილსინდისიერ თანამშრომლებს ვთხოვთ, დაგვეხმარონ ამ საქმის გახსნაში”, – აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის “ფეისბუქ” გვერდი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა, რომ ამის შესახებ მედიისგან შეიტყო. მანამდე, ადვოკატი აცხადებდა, რომ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა და დასახმარებლად ამერიკული მხარისთვის მიმართვას აპირებდა.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი, 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროსთან ტყეში იპოვეს. გოგონას ავტომობილი მწყემსმა აღმოაჩინა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარმა თავი მოიკლა და ამბობენ, რომ ან მოკლეს ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.