თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 დეკემბერს, ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას სასამართლო პროცესი იწყება. ნიკა კაციას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ნიკა კაციას ძმამ, ლაშა კაციამ და თქვა, რომ „ისევე როგორ მისი ძმის, ასევე ყველა სხვა დაკავებულის საქმეზე, ის მოსამართლეები და ძალოვნები, ვინც აღნიშნული საქმეები დაგეგმეს და შეკერეს, დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ“.
„ვფიქრობ, ჩემი ძმის საქმეზე დღევანდელმა ძალოვანმა სტრუქტურამ, პროკურატურამ ახლა დაიწყო ამ სახის შეკერვა, იმიტომ, რომ იმდენი ახალი გარემოება აქვს, რომელსაც გზადაგზა ამატებენ და ამატებენ იმისთვის, რომ, რეალურად, ჩვენ შეგვშალონ ხელი გამოძიებაში.
ხაზს გავუსვამ – თვითონ არაფერს იძიებენ, ჩვენ, ოჯახის წევრები, ადვოკატი, ნაცნობები ვცდილობთ მტკიცებულებების მოპოვებას, მოწმეების მოძებნას, რასაც არაფერს არ აკმაყოფილებს სასამართლო.
ვიპოვეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე – იმ ტაქსის მძღოლი, რომლითაც გადაადგილდებოდა და გაიტაცეს ნიკუშა. ჩვენ ამ ტაქსის მოძრაობის რუკა გვაქვს გამოთხოვილი, აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია გვაქვს, ტაქსის მძღოლიც ადასტურებს, რომ მისი მანქანით მოხდა ნიკუშას გატაცება და სასამართლო მის დაკითხვაზე უარს აცხადებს.
პროკურატურას ბრალდებაში უწერია, რომ ნიკა იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, როცა ინფორმაცია შეუვიდათ და მისი ჯიბიდან 14 გრამი კოკაინი ამოიღეს. პირველ რიგში, ჩვენ მოვითხოვეთ კურტკის ექსპერტიზაზე გაგზავნა, რომ გამოგვიტანეს, არ იყო შეფუთული, როგორც მტკიცებულება, შესაბამისად, კურტკის წამოღებაზე უარი განვაცხადეთ. 13 რიცხვში ახალი ჩანაწერი ხდება საქმეში – არა ის, რომ პაკეტებში ეყარა, ნაფშხვენები ეყარა კიდევ კურტაკში – 14-ში რეკავენ, გამზადებულია, კურტკა არ მიგაქვთო? რანაირად? თუ ამბობ, რომ ამ კურტკაში იდო ნარკოტიკული საშუალება, რანაირად გააკეთე ისე, რომ დალუქული არ გქონდა?
ველოდები პროცესს, მაინტერესებს დღეს რა მოხდება, შემდეგ აბსოლუტურად გავასაჯაროებთ სახელით და გვარებით ყველა მოწმეს თავისი პროკურორით, მოსამართლიანად. ისევე როგორ ჩემი ძმის, ასევე აბსოლუტურად ყველა დაკავებულის საქმეში ვფიქრობ, არც ეს მოსამართლეები, არც ის ძალოვნები, ვინც ეს საქმეები დაგეგმეს და შეკერეს, დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ. ისინი უნდა წარდგნენ ნამდვილი და სამართლიანი, და არა ისეთი სასამართლოს წინაშე, როგორიც დღეს გვაქვს“, – თქვა ლაშა კაციამ.
ცნობისათვის, ჟურნალისტი ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ნიკა კაციას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 დეკემბერს შეეფარდა.
რეჟიმის პატიმრის, ნიკა კაციას ძმა, ლაშა კაცია"დაიწყეს ამ საქმის შეკერვა, ახალ გარემოებებს ამატებენ გზადაგზა, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალონ გამოძიებაში – თვითონ არაფერს იძიებენ" | რეჟიმის პატიმრის, ნიკა კაციას ძმა, ლაშა კაცია
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2025