LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმდროინდელი ბიჭები რაინდული სულისკვეთებით ვიზრდებოდით. მხოლოდ მე არა, ძალიან ვამაყობ ჩემი თაობის ბიჭებით. ჩვენი სკოლის გოგონები თავაწეულები დადიოდნენ…“ – რა შემთხვევას იხსენებს დიტო ქისიშვილი

166
--2023-06-05_13-23-21_900405

მომღერალი დიტო ქისიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს ერთ შემთხვევას, როცა 17 წლის ასაკში გოგონას გამოსარჩლების გამო დააპატიმრეს და აღნიშნავს, რომ მისი პატარაობის დროს ბიჭები რაინდული სულისკვეთებით იზრდებოდნენ.

– სხვის გადასარჩენად საფრთხის წინაშე აღმოჩენილსაც გიგრძნიათ იღბალი?

– არასდროს მიყვარდა მჩაგვრელი ადამიანები და დაჩაგრულს აუცილებლად გამოვესარჩლებოდი. სხვათა შორის, ამ მიზეზით უფრო მომსვლია რაღაცები, ვიდრე უშუალოდ ჩემ გამო. მე არ მიყვარს აგრესია, როცა საქმე მე მეხება, უკიდურეს შემთხვევაში ვღიზიანდები, მაგრამ როცა სხვა იჩაგრება, უფრო ადრე ვიწყებ მოქმედებას. იყო ასეთი შემთხვევა: ერთი ძალიან საყვარელ, პატარა გოგოს, რომელიც ალბათ, 15 წლის იქნებოდა, უფროსი ასაკის მამაკაცმა ძალიან უწმაწური ენით შეაგინა. მე კონსერვატორიის ექსპერიმენტულ სამუსიკოში ვსწავლობდი და სეზონზე ყველა სპექტაკლის ნახვა მევალებოდა. ამ დროს ოპერის თეატრში „ტრავიატა“ გადიოდა. სწორედ იქ მივდიოდი, როცა ეს ამბავი მოხდა. სამარშუტო ტაქსიდან გოგონა ჩავიდა, მოხურვის დროს კარი დააბრახუნა და მძღოლმა შეაგინა. ერთხელ არა, ბევრჯერ. და მე ეს ვერ მოვითმინე და ამ კაცთან ჩხუბი მომიხდა. მე მაშინ 17 წლის ვიყავი. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, ამის გამო დაახლოებით ერთი საათით დამაკავეს. იმ პერიოდში დაკავება საშინელება იყო. ძალიან ძველი დროა, ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდი. დამაკავეს და იმ ერთ საათში ცოტა გამბერტყეს, მაგრამ მერე თვითონვე მიხვდნენ, რომ მე არ ვიყავი კრიმინალი, ვუთხარი, სადაც მივდიოდი. იმის მოყოლას, რაც მოხდა არ ვაპირებდი. უბრალოდ, დაიჯერეს, რომ კონსერვატორიის მომღერალი ვიყავი და მართლა სპექტაკლის სანახავად მივდიოდი.

აქაც ღმერთის ხელი ერია, თორემ იმ დროს რომ იჭერდნენ, ამას ცუდი გაგრძელება მოჰყვებოდა ხოლმე. მსგავსი ამბავი რომ დღეს ყოფილიყო, აუცილებლად იმავეს გავაკეთებდი.

ვთვლი, რომ იმდროინდელი ბიჭები რაინდული სულისკვეთებით ვიზრდებოდით. მხოლოდ მე არა, ძალიან ვამაყობ ჩემი თაობის ბიჭებით. ჩვენი სკოლის გოგონები თავაწეულები დადიოდნენ. ვიცნობდით ჩვენი რაიონის სხვა სკოლელ ბიჭებს, ვძმაკაცობდით, კულტურული შეხება გვქონდა, ჩხუბიც იყო, შერიგებაც, ჩხუბში დაძმაკაცებაც და ამის ფონზე, ჩვენი შინაგანი რაინდული მოთხოვნა იყო, რომ ჩვენი გოგონები ყოველთვის თავაწეულები ყოფილიყვნენ. ასე იქცეოდა სხვა სკოლის ბიჭობაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g