LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედი მაქვს, რომ ეს სიმღერა ახლიდან დაიბადება… ასეთი გენიალური ნაწარმოები არასდროს კვდება“ – დათო ნეფარიძე პრემიერით „არ დაიდარდოში“

15
დათო-ნეფარიძე

28 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ დათო ნეფარიძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი სიმღერა, „გაზაფხული“ წარუდგინა.

დათო, მოგვიყევი სიმღერაზე „გაზაფხული“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს ძველი, ძალიან ცნობილი სიმღერაა, რომელიც ბიძინა კვერნაძის და პეტრე გრუზინსკის ტექსტზეა შექმნილი. ბავშვობიდან ვუსმენ და ძალიან მომწონს. ასეთი გენიალური ნაწარმოები არასდროს კვდება და არც არასდროს მოკვდება. ფილმში „შეხვედრა მთაში“ არის ეს სიმღერა, „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“ და რომ იტყვიან, დიდი ხანია დავტრიალებ. არასდროს მქონდა ნამღერი და ბოლოს, რატომღაც, მამაჩემის დაბადების დღეზე გიტარაზე შევასრულე. ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, ძალიან ბევრი ვიფიქრე და დავუძახე ნიკა ლეჟავას, რომელთან ერთადაც ერთხელ უკვე გავაკეთე სიმღერა, „თუთის ხე“. ნიკას ვუთხარი, რომ ამ სიმღერის გაკეთება მინდოდა. ბევრი ვიწვალეთ თუ ცოტა, ეს სიმღერა შედგა. ნიკოლოზმა არაჩვეულებრივი მუსიკოსები შეკრიბა, თვითონ გიტარისტია, მას ეკუთვნის არანჟირებაც. კლავიშზე ლევან გიგაური უკრავს, ბასზე – ლევან რუსია, დასარტყამ ინსტრუმენტზე – ბაჩო ამანათაშვილი, პერკუსიაზე – საკანდელიძე. სიმღერა აღარ არის ისეთი ლირიკული და რომანსული, უფრო საცეკვაოა. მხიბლავს სიმღერის ტექსტი. იმედი მაქვს, რომ ეს სიმღერა ახლიდან დაიბადება, ყველას მოეწონება და მხიარულ ნოტებს შემოიტანს.

დღეს გვაქვს კლიპის პრემიერაც. ვინ იმუშავა ვიდეორგოლზე?

გიორგი კიკალეიშვილმა. კლიპი ფაქტობრივად შენობაში გადავიღეთ. ვიდეოში 2 არაჩვეულებრივი გოგო და ბიჭი ცეკვავს. კლიპი სიყვარულზეა, რაღაც პოზიტიური სურათია. გადავიღე მეორე კლიპიც, „თბილისო“. სიმღერაში ყველაფერს შევეხეთ, სილამაზესაც, იმასაც, რაც არ მოგვწონს. საერთო ჯამში, ალბათ, თბილი ნამუშევარია.

რამდენად ამართლებს ხოლმე შენი პროგნოზები სიმღერასთან დაკავშირებით?

რომელი სიმღერაც მომწონებია და რომელზეც მიფიქრია, რომ ეს გავარდება და ხალხსაც მოეწონება-მეთქი, არასდროს შევმცდარვარ. პირველი ასეთი სიმღერა იყო „ჰარალე“, შემდეგ „სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული“, „მე შენს თვალებზე ვგალობ“, „ფიქრი“.

 

დათო ნეფარიძე – გაზაფხულდა აყვავილდა ნუში

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g