“აბსოლუტურად ვერ ვხედავ მიზეზს, რომ მოვახდინოთ სპეკულაციები საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და ამ თემაზე ვისაუბროთ”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
ჰარცელმა ამის შესახებ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც ე.წ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისგან არის გზავნილი, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტა საქართველოში დასავლეთის მხრიდან მეორე ფრონტის შესაძლო გახსნის გეგმას ნიშნავს.
ელჩის შეფასებით, ამ სახის ნარატივი მკაფიო დეზინფორმაციაა:
“აბსოლუტურად ვერ ვხედავ მიზეზს, რომ მოვახდინოთ სპეკულაციები საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და ამ თემაზე ვისაუბროთ. ამ სახის ნარატივი არის მკაფიო დეზინფორმაცია. იმედი მაქვს, რომ მექნება საშუალება, გავესაუბრო ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს უახლოეს დღეებში და ვნახო, რისი გაკეთება შეიძლება და რა დროს ჟენევის დისკუსიების წინ წასაწევად”, – თქვა მან.
კარცელმა ასევე აღნიშნა, რომ იმედოვნებს, როგორც რუსეთის აგრესია უკრაინაში, ასევე ევროკავშირის წევრობის აპლიკაცია იქნება დანახული, როგორც საფუძველი იმისთვის, რომ ამ პოლარიზაციის გარღვევა მოხდეს:
“ვფიქრობ, ამაზე უკანასკნელი სამ ნახევარი წლის განმავლობაში ვსაუბრობ – მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვედი. ერთი მხრივ, მე ვხედავ ძალიან ბევრ საერთო მიზანს სტრატეგიული მიმართულებების ირგვლივ. ვიტყოდი, რომ როცა საქმე ეხება ევროკავშირის მიმართულებით სიარულის სურვილსა და ევროკავშირის წევრობის განაცხადის უკან დგომას, ეს ერთ-ერთი ის საკითხებია, სადაც მე ვხედავ ძალიან ძლიერ საერთო ინტერესს პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობაში, რასაც ასევე, მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%. ამის მიუხედავად, მაინც შესამჩნევია პოლარიზაცია და ეს ფაქტია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვიმედოვნებ, რომ როგორც რუსეთის აგრესია უკრაინაში, ასევე ევროკავშირის წევრობის აპლიკაცია იქნება დანახული, როგორც საფუძველი იმისთვის, რომ ამ პოლარიზაციის გარღვევა მოხდეს. თუმცა ეს უფრო მეტად იმედია, ვიდრე პროგნოზი ჩემი მხრიდან”, – თქვა ჰარცელმა.