რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ დათო არჩვაძე და სალომე გასვიანი სტუმრობდნენ. გადაცემაში მათი ახალი დუეტის პრემიერა შედგა, მომღერლებმა სიმღერა „პატარა მზე“ სალომეს შვილს, ლილას მიუძღვნეს.
როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა და თანამშრომლობა?
დათო: ჩვენი მეგობრობა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, მთელი მისი ოჯახი მიყვარს. რაც შეეხება ჩვენს ტანდემს, ქალბატონმა ნუნუ გაბუნიამ გაუკეთა სალომეს დიდი სოლო კონცერტი, საოცარი რაღაც მოხდა, მან 34 სიმღერა შეასრულა. მაშინ, სალომე ძალიან პატარა ბავშვი იყო.
სალომე: ალბათ, 10 წლის ვიყავი.
დათო: წარმოიდგინეთ, 10 წლის ასაკში იმღერა 34 სიმღერა ცოცხლად, ბენდთან, ორკესტრთან ერთად. დათო ჭკუასელი და მე მასთან ერთად ვასრულებდით დუეტებს. მთელი ეს რეპეტიციები ქალბატონ ნუნუსთან, სახლში დაუვიწყარი იყო. ერთ კურიოზს გავიხსენებ. ალერგია მქონდა, თვალები მისივდებოდა. ქალბატონ ნუნუს ჰყავდა დიდი კატა და მე იმ კატას ვემსგავსებოდი ხოლმე ყველა რეპეტიციაზე. ბოლოს, სალომემ ალერგიის წამალი მომიტანა და დამიდო. შეწუხდა ბავშვი… (იცინის).
ინდოეთის შემდეგ იყო წყვეტა, ნანახიც არ გვყავდა ერთმანეთი, მგონი, 20 წელი.

ამდენი წლის მერე, როგორ გაჩნდა ახალი ნამუშევრის, დუეტის იდეა?
სალომე: მერე, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს „ფილარმონიაში“. იმდენი ემოცია და ეიფორია იყო, ბევრი სიყვარულის გაცვლა. იქვე წარმოიშვა დუეტის იდეა. რა თქმა უნდა, ბევრი წელი ვმღეროდი, სოლო ალბომებიც მაქვს, ბენდშიც ვიყავი, მაგრამ რაღაც პერიოდი სხვა, აკადემიურ მხარეს გავყევი, განათლება, უნივერსიტეტი, დიპლომი 1, 2, 3… მერე, გავთხოვდი, ბევრი ვიმოგზაურეთ მე და ჩემმა მეუღლემ და მერე, გაგვიჩნდა ბავშვი, რომელსაც ჩვენი ეს ტანდემი უკავშირდება.

დუეტის სახელწოდებაზე დიდხანს იდავეთ?
სალომე: 2 წამი… (იცინის). დუეტს „პატარა მზე“ დავარქვით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამდენი ხნის შემდეგ, მოხდა ხელახლა დაბადება, რენესანსი და იმედია, მსმენელი არ იქნება გულდაწყვეტილი და იგრძნობს სითბოს, რომელიც ჩვენ ჩავდეთ ამ ნაწარმოებში, დათომ, გია ჯოხაძემ, ზაზა ხუბუკელაშვილმა.
დათო: ისეთი გულით შეიქმნა სიმღერა. ლექსი გია ჯოხაძის არის, მუსიკა ჩემი.
სალომე: ულამაზესი ტექსტია და ამისთვის მადლობა გია ჯოხაძეს.
დათო: კი, სასწაული მოფერებაა ბავშვისადმი. გიამ პირდაპირ გაითავისა იდეა, რაც ვუთხარი, როგორც კომპოზიტორმა და მუსიკის ავტორმა. რომ არ ველოდებოდი, ისეთი სასწაული სითბო ჩააქსოვა ამ ყველაფერში და მთავარია, რომ სალომეს ემოციას დაემთხვა.
სალომე: ძალიან დიდი პაუზა მქონდა და ამ სიმღერამ მომანდომა, რომ მემღერა.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უახლოეს მომავალში, კიდევ დაიწყებთ ახალ ნამუშევარზე მუშაობას?
დათო: სიამოვნებით, მე მზად ვარ. სალომემაც არ იცის და მე პირადად, უკვე დაწყებული მაქვს მუშაობა. იმდენად კარგი და გემრიელი იყო მუშაობის პროცესი, რა თქმა უნდა, გამიჩნდა სტიმული, თან მეგობრები რომ ვართ, ეს ასმაგი სტიმულია. ცოტა მასშტაბური სიმღერა მინდა გავუკეთო, აბსოლუტურად სხვა სტილის. შეიძლება, სიმღერა უცხოენოვანი იყოს.
დათო, კონცერტს თუ გეგმავ ახლო მომავალში და შესრულდება თუ არა იქ ეს სიმღერა?
დათო: კი, ჩემს საავტორო კონცერტზე აუცილებლად მინდა, რომ ეს სიმღერა შესრულდეს. კონცერტს გაზაფხულზე ვაპირებ.