ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2024 წლის ივნისის ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6 ლარით განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამთვიანი კლების შემდეგ, ივნისში ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 2.9%-ით გაიზარდა (წლიურ ჭრილში, 2023 წლის ივნისთან შედარებით კი, ინდექსის ზრდამ 6.8% შეადგინა).
2024 წლის ივნისში ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტი გაძვირდა, გარდა კვერცხისა, რომლის ფასიც უმნიშვნელოდ (-1.7%) შემცირდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა კარაქის (+18.1%), რძის (+16.2%), საფუარის (+14.9%) და ყველის (+7.2%) ფასები, ხოლო ფქვილი 1.4%-ით გაძვირდა. რძის პროდუქტების ფასების ასეთი ცვლილება შეიძლება საერთაშორისო ფასების ზრდით იყოს განპირობებული. FAO-ის რძის პროდუქტების ფასის ინდექსის თანახმად, რომელიც წლიურ ჭრილში 6.5%-ით გაიზარდა, ყველაზე მნიშვნელოვნად კარაქის ფასი შეიცვალა და 35.8%-იანი ზრდა დააფიქსირა. როგორც უკვე აღინიშნა, ივნისში ხაჭაპურის ინდექსი თვიურ ჭრილშიც გაიზარდა, რაც მეტწილად ყველის გაძვირებამ (+5.2%) გამოიწვია.
ყველი ყველაზე მეტად ქუთაისში გაძვირდა: წლიურად – 19%-ით, თვიურად – 17%-ით. იქიდან გამომდინარე, რომ იმერეთი ქვეყნის ყველის მწარმოებელი უმსხვილესი რეგიონია, როგორც წესი, ფასების სეზონური ცვლილება ყველაზე შესამჩნევი სწორედ ქუთაისშია.