იმის მიზეზი, რომ ჩვენი ბიზნესი ორიენტირებულია რუსეთში ექსპორტზე, არის ის, რომ ხარისხს არ ითხოვენ, თუმცა ზოგჯერ პირიქითაც ხდება და ამით ძალიან მანიპულირებს რუსული მხარე, – ამის შესახებ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული” საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ქართველ ფერმერებს რუსეთის ბაზართან კომუნიკაცია ძალიან ემარტივებათ. „ხარისხთან და ფასთან ერთად არის ენობრივი ბარიერი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ძალიან ემარტივებათ რუსეთის ბაზართან კომუნიკაცია, როდესაც ამ მხრივ ძალიან დიდი გამოწვევაა ევროპის ბაზარზე. ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ბევრი ისევ გასაკეთებელია და უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩაიდის ბაზრების დივერსიფიცირებისთვის,” – აღნიშნა ნინო ზამბახიძემ “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში”.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ყოველწლიურად რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება იზრდება და ამაზე მოქმედებს რუსეთის პროპაგანდა, როდესაც ფერმერებს ესაუბრებიან იმაზე, რომ ბევრად მარტივად შეუძლიათ ამ ქვეყნის ბაზარზე შესვლა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს.