რაც შეეხება შეიარაღებული კონფლიქტისა და ომის საფრთხეს – იმის თქმა, რომ ეს არარეალურია იმ ქვეყანაში, რომელმაც სამი ომი გამოიარა, სადაც რუსეთი მონაწილეობდა, იმ ქვეყანაში, სადაც ტერიტორიები ოკუპირებულია, სადაც 10 000-მდე რუსი ჯარისკაცი დღესაც დგას, იმ ქვეყანაში, სადაც საოკუპაციო ხაზთან ლამის ყოველ დღე არის პროვოკაციები და ჩვენ მოქალაქეების გატაცებები, იმის თქმა, რომ აქ ამის საფრთხე არ არის, ეს არის ან უბრალოდ მიამიტობა ან მავნებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
„იმის ფონზე, როდესაც რუსეთი ახლაც აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს საფრთხე რეალურია. ჩვენ ვხედავდით პირდაპირ მოწოდებებს, სხვადასხვა ფორმით მოწოდებული: რუსეთს ახლა თქვენთვის არ სცალია და მიდით, სანამ დროა, შედით აფხაზეთსა და ცხინვალშიო. ასევე ქართველი პოლიტიკოსების მოწოდებები, რომ ახლა უნდა შევიარაღდეთ და გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობის ფანჯარაო. ეს ყველაფერი არის წაქეზება და იმ იდეამდე მიყვანა, რომ შეიძლება რაღაც საკითხი გადაწყვიტო სამხედრო გზით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.