LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმის თქმა, რომ პრობლემა მოგვარებულია და მეწყერი შეჩერებული, არასერიოზულია: თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის მეწყერზე

74
თეა გოდოლაძე 1

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის განცხადებით, ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებით პრობლემა მოგვარებული არ არის და იქ გეოლოგიურად არაფერი დასრულებულა.

ამის შესახებ გოდოლაძემ მედიაცენტრ “მთავარში“ გამართულ შეხვედრაზე ვაშლიჯვარში მიმდინარე მეწყრული პროცესების შესახებ საუბრისას თქვა და დასძინა, რომ ამ დროისთვის, რეალურად იქ მონიტორინგი არ ხორციელდება. მისი თქმით, სპეციალისტები სიტუაციას პერიოდულად ათვალიერებენ.

“მდგომარეობა ნამდვილად არ შეცვლილა, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ფაქტს, რომ ეს არ არის მხოლოდ წერტილოვანი პრობლემა – ნაპრალი, სადაც იყო ადრე და რომელიც ამოივსო, ეს არის მთლიანად ფერდის სტაბილურობის პრობლემა.

მთლიანად ფერდია დინამიკაში მოსული და თვითონ ფერდს აქვს პრობლემა, რომ მოხდა ჩარევა, მოხდა გრუნტის კვეთა არასწორად, იქ არის ჩაჭრილი დაახლოებით 20 მეტრის სიღრმის ნაწილი, რომელმაც რეალურად პრობლემა შექმნა. ეს არ არის პრობლემა, რომელიც დღეს ან ხვალ, ან ერთი ხელის მოსმით მოგვარდება,” – განაცხადა გოდოლაძემ.

მისივე თქმით, იმის თქმა, რომ პრობლემა მოგვარებულია, ხოლო მეწყერი შეჩერებული, პროფესიული კუთხით არასერიოზულია.

“ამიტომ ძალიან ვთხოვ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, პოლიტიკოსებსა და ა.შ. – ადამიანებს, ვინც მათ რჩევას აძლევს, დაუკვირდნენ, რას ამბობენ და რა ტერმინებით ახასიათებენ პრობლემას. ამის გაჩერება, უბრალოდ, შეუძლებელია.

მერიამ რა პროცესი დაიწყო და რას ასრულებს, არ ვიცი, იქ პროცესი არ დასრულებულა, გეოლოგიურად არ არის დასრულებული და მერიამ როგორ უნდა დაასრულოს. ეს არის მეცნიერება. სამწუხაროდ, ეს  მერიის გადასაწყვეტი პრობლემა არ არის. ამ ქვეყანაში მეცნიერების მოკვლით მივიღეთ ის, რომ ვიღაცას თავში მოუვიდა ჩვეულებრივ მეწყერზე გზის გაყვანა“, – განაცხადა მან.

გოდოლაძე განცხადებით, თავად რომ იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირი, აუცილებლად ლისის ფერდზე ნებისმიერ მშენებლობას დააკონსერვებდა.

„მე რომ მეხებოდეს, უცილებლად დავაკონსერვებდი ნებისმიერ მშენებლობას ახლა ლისის ფერდზე. იმიტომ, რომ ეს ჯაჭვური რეაქციით გაგრძელდება, აუცილებლად სხვა პრობლემები შეიქმნება. ის, რაც მოჭრილია უკვე, ფერდები, აუცილებელია მისი გამაგრება“, – დასძინა თეა გოდოლაძემ.

magti 5g