ადამიანის ჯანმრთელობისთვის დღეში 5000 ნაბიჯზე ნაკლების გავლაც საკმარისია, ასეთია უახლესი კვლევის შედეგები.
ექსპერიმენტი პოლონელმა და ამერიკელმა მეცნიერები ერთობლივად ჩაატარეს. სპეციალისტებმა 226 ათასი ადამიანის მონაცემი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ დღეში 4 ათასი ნაბიჯიც საკმარისია იმისთვის, რომ ნაადრევი სიკვდილის რისკი შემცირდეს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე კი დადებითად მოქმედებს 2 ათასი ნაბიჯიც.
ბუნებრივია, რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამს ადამიანი სასარგებლო შედეგიც უფრო მეტია. თანაც ეს სტანდარტი ყველა ასაკისა და სქესის ადამიანის შემთხვევაში სწორია.
ამასთან, შეგახსენებთ რომ არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა ყოველწლიურად 3,2 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება.
ცნობილი პერსონალური მწვრთნელის რჩევები:
- სადგურამდე ავტობუსის და ავტომობილის ნაცვლად საკუთარი ფეხით მიდით
- თუკი მჯდომარე სამსახური გაქვთ, ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ ადექით და გაიარ-გამოიარეთ
- თუკი ბავშვს ელოდებით, სიარული საუკეთესო ვარჯიშია
- ჩართეთ ყურსასმენში აუდიო წიგნი ან საყვარელი მუსიკა და დღეში 30 წუთი იარეთ
- ისეირნეთ მეგობრებთან ერთად, გაასეირნეთ ძაღლი (თუკი გყავთ)
- დაიწყეთ 10 წუთით და დრო ნელ-ნელა გაზარდეთ, ერთ დღესაც 30 წუთიან სეირნობამდეც მიხვალთ.